“დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით იმედგაცრუებულია!”
_ ბატონო გოგი, გაჩნდა მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია მოახდინა, ყოვლად დაუშვებელი იყო კონფლიქტურ ზონაში სამხედრო მოქმედებების განხორციელება...
_ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას აგვისტოს მოვლენებს საერთოდ არ ვუკავშირებ. ინტერნაციონალიზაცია ერთი პროცესია და დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება აგვისტოს მოვლენებს. უნდა გვქონოდა სამხედრო მოქმედების წარმატებით დასრულების რაიმე გათვლა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ არ შეიძლბეოდა, ეს შეტაკება დამთავრებულიყო ჩვენს სასარგებლოდ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის ასეთი ექსკალაცია თავიდან უნდა აგვეცილებინა. ეს იყო ბრძოლა, რომელშიც შეუძლებელი იყო გამარჯვება. არასწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ისიც რომ დავუშვათ, რომ რუსეთის ჯარები წინასწარ იყო შემოყვანილი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, გვიტევდა და ჩვენ იძულებული ვიყავით, თავი დაგვეცვა, ეს გამართლება მაინც არ არის, თანაც არ მჯერა, რომ ყველაფერი სინამდვილეში ზუსტად ისე და იმ სახით მოხდა, რასაც გვეუბნება ჩვენი ოფიციალური პროპაგანდა, ყველა შემთხვევაში, უნდა გვცოდნოდა, რომ რუსეთისაგან იქნებოდა ასეთი დამანგრეველი ქმედება და შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება.
_ კონკრეტულად რისი არ გჯერათ?
_ არ მჯერა იმის, რომ არ შეიძლებოდა, აგვისტოში რუსეთთან შეტაკების თავიდან აცილება. ერთია, როდესაც შენ კონფლიქტის ზონაში გაქვს რაღაცა პრობლემა და კონფლიქტის ზონაში მოქმედებ და მეორეა, როცა უზარმაზარი სახელმწიფოს სამხედრო ძალას პირდაპირ ეჯახები და მიდის ჯიბრობა იმაზე, ვინ ვის აჯობებს. გაიხსენეთ ხელისუფლების წარმოამდგენლების მუქარანარევი ტონი ომის დღეებში, ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთო, ამით კიდევ უფრო იწვევდნენ და აღიზიანებდნენ რუსეთს. სინამდვილეში კი, რა მივიღეთ, რამდენი გოჯი მიწა დავკარგეთ?!
_ ესე იგი, არ ენდობით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასახელებულ არგუმენტებს, რომ სეპარატისტები ესროდნენ ქართულ სოფლებს და მათ უპასუხეს ამ პროვოკაციას? ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა ქართული მოსახლეობა.
_ პროვოკაციები იყო რუსეთის მხრიდან, მაგრამ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედების თავიდან აცილება შეიძლებოდა. რუსებს აქეზებდა ისიც, რომ სამი დღის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან რეაქცია არ იყო. ამის წინასწარ განჭვრეტაც შეგვეძლო, რომ ეს ასეც მოხდებოდა და დასავლეთი პირველივე წუთებში არ ჩაერთვებოდა ამ ომში ისე, რომ მის რეაქციას მოვლენების უკუქცევა გამოეწვია. რუსეთის რეაქციის განჭვრეტაც შეიძლებოდა, ჩვენ ვერ შევაკავებდით.
_ დავუშვათ, ოპერაცია წარმატებული ყოფილიყო და ომი მოგვეგო...
_ ეს შეუძლებელია, შესაძლებელი იყო მხოლოდ ფართომასშტაბიანი შეტაკების თავიდან აცილება. ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა. შესაძლებელია, პროვოკაციები და ინციდენტები გაგრძელებულიყო, მაგრამ რუსეთის ჯართან შეტაკება არ გვქონოდა. განსაკუთრებით ნატო-ს დეკემბრის სამიტამდე მაინც.
_ რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე დღეს უკვე აქტიურად საუბრობენ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც, არსებობს თუ არა საამისო რესურსი და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთი, რომ წამოვიდეს დიალოგზე ქართულ მხარესთან?
_ რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს ქართულ მხარესთან დიალოგი. მაგრამ, ვინაიდან ორ სახელმწიფოს შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა და არსებობს მოუგვარებელი კონფლიქტები, რაც უფრო მთვარია, რუსის ჯარი ჯერ კიდევ დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკება. მოლაპარაკება ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, სამხედრო მოქმედებების პირობებში. სრულიად წარმოუდგენელია ისე გვქონდეს აწყობილი საქმე, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება არ გვჭირდებოდეს. მოლაპარაკება უმდა გაიმართოს არა მხოლოდ უსაფრთხოებასა და დევნილებთან დაკავშირებით, როგორი მიმართულებაც მიიღო ჟენევის მოლაპარაკებამ, არამედ უნდა იყოს პოლიტიკური მოლაპარაკებაც და მიმდინარეოდეს საუბარი იმ საკითხებზე, რაც ამჟამად არის მოუგვარებელი. რატომღაც ჟენევის მოლაპარაკებაზე გვერდზე იყო გადადებული პრეზიდენტ სარკოზის გეგმის 6-პუნქტიანი დოკუმენტის ბოლომდე შესრულების საკითხი. რუსეთი ამტკიცებს, რომ ბოლომდე შეასრულა, საქართველოს მხარე კი სამართლიანად იძახის, ბოლო ორი პუნქტი არ არის შერულებულიო.
_ ფაქტია: მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხებიდან მოლაპარაკებები ნელ-ნელა ინაცვლებს სოციალურ საკითხებზე, რაც ქართულ-რუსული პრობლემის პოლიტიკური ნაწილის გადაჭრის შემდგომი პროცესი უნდა იყოს. ის, რომ საფრანგეთი იანვრიდან უკვე აღარ იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე, ხომ არ არის განმაპირობებელი ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის?
_ ბოლო ხანებში გამოიკვეთა, რომ ევროკავშირს ამ ეტაპზე უფრო აწუხებს რუსეთთან ენერგეტიკული უსაფრთხოების შემცველი ურთიერთობების ქონა, ვიდრე საქართველოს გამო რუსეთთან შემტევი პოზიციის დაკავება.
_ ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება. რა მოლოდინი გვაქვს ამ ქვეყნის მიმართ?
_ ჩეხეთი, როგორც ევროკავშირის ახალი წევრი, აღმოსავლეთ ბლოკის პოსტსაბჭოთა ქვეყანა დაინტერესებულია და უკეთესად იცის უსაფრთხოების სიტუაცია მსოფლიოს ამ ნაწილში, ვიდრე _ დასავლეთ ევროპამ. ამიტომ, რუსეთთან მიმართებაში, მგონი, აქტიურ პოზიციას დაიკავებს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედგაცრუებულია დასავლეთელი პარტნიორებით?
_ ისევე, როგორც დასავლეთია იმედგაცრუებული საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით. დეკემბერში გაიმართება ნატო-ს მინისტერიალი და იქ ლაპარაკი იქნება ამ საკითხზე, მაგრამ უკვე წინასწარ ცნობილია, რომ მეპ-ს არ მოგვცემენ. საერთოდ, გართულებულია და ხანგრძლივ ფაზაში არის გადასული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ეს არის შედეგი აგვისტოს მოვლენების.
_ აგვისტოს მოვლენების შედეგია ისიც, რომ კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივამ დიდი ხნით გადაიწია?
_ სწორი დიპლომატიის შედეგად, შეიძლებოდა მოახლოებულიყო ეს პროცესი, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, ამ ხელისუფლების მიერ სწორი დიპლომატიის წარმოების იმედი არ მაქვს. ამიტომაც, როგორც ჩანს, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი პროცესი. მეტად რადიკალური ცვლილება უნდა მოხდეს იმ ადამიანებში, რომლებიც დღეს ღებულობენ გადაწყვეტილებებს, ეს კი ნაკლებად მოსალოდნელია.
თეონა ციხისელი
www.fact.ge
