თოფაძემ ”ბადაგონი” რუსულ კაპიტალს დაუკავშირა
- ”თუ რუსეთი მტერი სახელმწიფოა და კრემლში მყოფებს ქონდრისკაცებს და ათას უბედურებას ვეძახით, მაშინ რატომ მივყიდეთ მათ ყველაფერი - პორტები, ენერგოსისტენა, მეტალურგია?”, - კითხულობს თოფაძე.
მოდის დრო, როდესაც აქტუალური ხდება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა, საიდანაც თავის დაღწევა უფრო რთულია, ვიდრე პოლიტიკური კოლონიიდან.
- ”გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის მუშაობს”, - აღნიშნავს თოფაძე.
ბიზნესმენ-პოლიტიკოსი ქართული მეღვინეობის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დარგის წარმომადგენლები მძიმე სიტუაციაში არიან.
- “ნახეთ, მეღვინეები რა უბედურ დღეში არიან. ააღებინეს კრედიტები, შეაძენინეს ყურძენი, დააწურინეს ღვინო და მესამე წელია, ეს ღვინო ვერ გაასაღეს. ისინი ნელ-ნელა კოტრდებიან. სამაგიეროდ, ჩამოდიან რუსები და მათ ქონებას ყიდულობენ - მიწებს, ვენახებს. აბა, “ბადაგონი” ვისია? ქართული ბრენდი ჰქვია, მაგრამ უკვე რუსებისაა”, - ასეთი საინტერესო აზრები გამოთქვა ქართველმა ბიზნესმენმა.
ღვინის კომპანია “ბადაგონში” გოგი თოფაძის განცხადებებით უკიდურესად შეურაცხყოფილი არიან.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა, გოგი თოფაძის უსაფუძვლო ბრალდებას იურიდიულ მსვლელობას არ მისცემენ, თუმცა მისი სიტყვებით, კომპანიაში “ყველა საოცრად შეურაცხყოფილი და გულდაწყვეტილია”.
ბაგრატიონის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “ბადაგონი” ქართულ-იტალიური კომპანიაა. იტალიური მხრიდან ის ეკუთვნის ლაბორატორია “ენოზისს” და მის მფლობელს, მსოფლიოში ცნობილი ენოლოგ დონატო ლანატის. ქართული მხრიდან კი, “ბადაგონის” მფლობელია აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე თემურ უბილავა.
- “მას ბიზნესი ევროპაში აქვს. თავისი ნაშრომი ქართული ღვინის განვითარებაში ჩადო. შემიძლია წარმოვიდგინო თემურ უბილავას რეაქცია, რომელიც პირადად იცნობს ბატონ გოგის და ეს არაკეთილსინდისიერი და უსაფუძვლო ბრალდება დღესდღეობით კომპანიისთვის, რომელსაც ქართული ღვინის სახელი ევროპასა და ამერიკაში დიდებით გააქვს, გულდასაწყვეტია”, - აცხადებს ლიზა ბაგრატიონი.
