ვიდრე ვვალთ? ანუ, საით?
ხალხთა ევროპა. იგი ყველაზე რადიკალური მიმართულებაა მთელს ინტეგრალურ სპექტრში. არა სახელმწიფოთა და არა რეგიონთა ევროპა - მხოლოდ და მხოლოდ ხალხთა გაერთიანება ერთიან ევროპულ სახლში. მარტივი სქემით ეს იდეა ასე შეიძლება გამოიხატოს - ყველა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობათა მცირე ან ფართო ანკლავებია განსახლებული. შესაბამისად, მომავალი ევროპის ჩამოყალიბება სწორედ ამ მონოეთნიკური თვითმმართველი ერთეულების ინტეგრაციის შედეგად უნდა მოხდეს.
ძველი ევროპა. ევროპულ სახელმწიფოთათვის იდეათა რადიკალური განსხვავებულობა ძლიერი შემაშფოთებელი ეფექტების მქონე ბიძგებს არ იწვევს. თუ იწვევს, ამ ქვეყნების პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის ლოგიკურ ზომიერებას არსებული სისტემა, რომელიც დრო და დრო ქაოსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზემოხსენებული ბიძგებისა გამო, გადაჰყავს წესრიგის მდგომარეობაში (ზომიერი პოლტიკოსების დიდ ნაწილში, პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ საპოლიტიკო პერსონებს ვგულიხმობ).
ახალი ევროპა. ამ სივრცული კონფიგურაციის სახელმწიფოებს აღნიშნული პრობლემები უფრო გამძაფრებულ ხარისხში აქვთ დაბედებული, მით უფრო, თუ მათი სისტემური მოუწესრიგებლობა (უფრო ზუსტად, სახელმწიფო სისტემის ქაოსური მდგომარეობაში ყოფნა) ქრონიკულ ხასიათს ატარებს.
საქართველო. ევრო-ატლანტიკურ სივრცეში (ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზიაციაში გაწევრების ჩათვლით) ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის ხარისხი და ტემპი დამოკიდებულია სრულ სისტემურ მზაობაზე, ანუ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ, საზოგადოებრივ ქვესისტემათა მოწესრიგებულობაზე, რამაც ზემოხსენებულ სივრცეში ადგილი უნდა დაგვიმკვიდროს.
რა გავქვს? სისტემური არამდგრადობა ანუ, სისტემური ქაოსის ქრონიკული ხასიათი, დიდად უშლის ხელს საქართველოს თავი გაართვას უმძიმეს პრობლემებს, რომელთა მოგვარება, გარკვეული ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ხერხდება.
საქართველოში სისტემური არამდგრადობა დიდი ხნის წინ არის დაწყებული (ათწლეულებს ითვლის). ვინც თვლის, რომ მკაცრ წესრიგში არის ხსნა სისტემური მოუწესრიგებლობისგან, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელიც მოკლებულია თვითორგანიზების გზით თავისუფალ თვითგანვითარებას, ფუნქციურად წარმოადგენს არაეფექტურსა და დეფორმირებულს. არამდგრადობა 1990 წლიდან ”წარმატებით” გაგრძელდა და დღესაც ”დიდებულად” მიმდინარეობს. შესაძლო ოპონენტებს ვთავაზობ, კრიტიკულად შეფასდეს განვლილ პერიოდში საკონსტიტუციო ქმნადობა-შესწორება-დამატებათა დამტკიცების დაუსრულებელი პროცესი (90-იანი წლებიდან დღემდე); გაანალიზდეს გაუთავებელი ეკონომიკური ექსპერიმენტები საქართველოში იმ სოციალურ-ეკონომიკური მოდელის დამკვიდრების მცდელობით (კონვერგენციის თეორიიდან მოყოლებული ულტრალიბერალიზმით დასრულებული), რომელიც მსოფლიოს ჯერ არც ერთ სახელმწიფოსა და ქვეყანაში არ განხორციელებულა; დაითვალოს წამდაუწუმ ჩატარებული, ყველა რანგისა და პოლიტიკური ინსტიტუტის, არჩევნების რაოდენობა და შედარებულ იქნას იგი საარჩევნო სისტემათა მონაცვლეობის ოდენობას; ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ შევაჯამებთ ყველა მონაცემს, დასკვნა ამგვარი იქნება - სრული სისტემური უთავბოლობა, გაუაზრებელი ექსპერიმენტებით თავმომწონეობა და ყოველივე ეს გადაზრდილი ლამაზფასადიანი, მაგრამ დაუმთავრებელი სახელმწიფო შენობით დაუსრულებელ ტკბობაში.
მთავარი. აქამდე ასე იყო, თუ ჩვენებურმა ექსპერიმენტატორებმა არაფერი შეცვალეს, რომ სოციალურ-ეკონომიკური სისტემები შემდეგნაირად ლაგდებოდა: მიკრო (მცირე ანუ საქალაქო და სათემო თვითმმართველობის), მეზო (საშუალო ანუ სამხარეო-ტერიტორიული) და მაკრო (დიდ ანუ სახელმწიფო) სისტემებად. მეგასისტემებზე (ანუ მაკროსისტემათა გაერთიანებებზე ამჯერად არ ვსაუბრობთ). დღეს გაბატონებული კონცეფციით (როგორც ჩანს ექსპერიმენტის მოყვარულებმა ჩვენში მაინც შეცვალეს დალაგების წესი და რიგი) საქართველო ასე გამოიყურება: გაიგივდა მიკრო და საშუალო სისტემები - რაიონული (დღევანდელი ტერმინოლოგიით - მუნიციპალური) თვითმმართველობისთვის სცადეს ტერიტორიული გაერთიანების ფუნქციების მორგება (ბუნებრივია, რომ ვერ მოერგო, რაც დიდად არავის უნაღვლია), მათ თავზე იერარქიულად განათავსეს გაუგებარი წარმონაქმნი, ინსტიტუციურად არარსებული - მხარე, რომელიც ტერიტორიულ სუროგატად ჩამოყალიბდა, ცენტრალური ხელისუფლება მეტ-ნაკლები სიმკაცრის უნიტარისტული სტრუქტურის სათავეში მოექცა და, ასე ვიტყვი, თავმომწონედაც დასკუპდა დასაკუთრებულ ადგილზე.
რა ემატება! საქართველოს მამები (მაინც რა სახისანი არ ჰყავს ისინი ამ პაწია ქვეყანას: ენერგო-, ეკონომ-, ფინანს-, პოლიტ-) კარგა ხანია გვიმტკიცებენ: ანტიმონოპოლური შეზღუდვები ცუდია, სახელმწიფო საზღვრები - ბოროტება; სახელმწიფო არაფერში არ უნდა ერეოდეს, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიაზე; ბიზნესის დაწყება იოლია, გაგრძელებაში, ნურას უკაცრავად, ვერაფრით დაგეხმარებით; საქართველოს გარდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მემარცხენეები გაბატონდნენ, მხოლოდ ქართველები გაბედნიერდნენ მემარჯვენე ეკონომმამებით; ძირს მემარცხენე მსოფლიო, გაუმარჯოს მემარჯვენე საქართველოს! ხომ კარგია ბოლო ლოზუნგი? კარგი იქნებოდა, სრულ დემოგოგიად რომ არ ქცეულიყო ჩვენი მამილოების (ჩამონათვალი იხილეთ ზემოთ) ხელში.
ახლა, ცოტა ღრმად. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მსოფლიო თავისუფალი (უსაზღვრებო) ეკონომიკის მომხრეებს უწოდებენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს განიმარტოს, რომ მათში ერთმანეთისგან განარჩევენ - მათ, ვისაც უწოდებენ (ცოტა უცხოდ კი ჟღერს) მინარქისტებს (ეკონომიკის მინიმალურად მართვის მომხრებს) და მათ, ვისაც უწდებენ ანარქო-კაპიტალისტებს (ეკონომიკის მართვის სრულ უარმყოფელებს). უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება - ორივე ჯგუფი ლიბერალიზმიდან იღებს სათავეს. რა სურვილები ამოძრავებთ პირველი ან მეორე ჯგუფის მომხრეებს?!
ა. პირველი ჯგუფი აცხადებს შემდეგს: სახელმწიფოს ფუნქცია და უფლებამოსილება უნდა იყოს მინიმალური; მისი როლი შემოიფარგლება იმ მოქალაქეების კერძო საკუთრების და თავისუფლებების დაცვა, რომელებიც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ (ან ეწევიან გარკვეულ საქმიანობას); მინარქისტები დასაშვებად მიიჩნევენ დაბეგვრას იმ პირობით, თუ შემოსული თანხები ხმარდება - სასამართლო, სამართალდამცავ, თავდაცვისა და საერთო ადმინისტრაციულ სისტემებს. მინარქისტები თვლიან (განსხვავებით კლასიკოსი ეკონომიკური ლიბერალებისგან), რომ განათლება და ინფრასტრუქტურული განვითარება მთლიანად უნდა განთავსდეს კერძო სექტორში, რომელიც მოქმედებს თავისუფალ ბაზრის პირობებში (კლასიკოსი ლიბერალები ამ ორ სექტორს სახელმწიფოს ზრუნვის სფეროდ აცხადებდნენ).
ბ. მეორე ჯგუფის მოსაზრებებით: პიროვნების უზენაესობა არის მამოძრავებელი ძალა; სამართალი კერძო საკუთრებისა და პიროვნებათა შორის ხელშეკრულებათა გაფორმების შეუზღუდავი უფლებიდან მომდინარეობს; სახელმწიფო არის უსამართლო მონოპოლისტი, რომელიც არ უნდა დაფინანსდეს გადასახადებისა და მოსაკრებლების ხარჯზე; იგი არ უნდა ერეოდეს ადამიანების პირად და სამეწარმეო საქმეებში; განვითარების ერთადერთ მოტივს მოგება წარმოადგენს. ანარქისტები უარყოფენ ლიდერობას, ძალაუფლებას და ზოგადად ხელისუფლებას. მათი ღრმა რწმენით, ანარქო-კაპიტალიზმის აუცილებელი პირობაა გლობალური სრულყოფილი კონკურენცია.
ახლა მოკლედ ვისაუბროთ იმის შესახებ, რაც უპირისპირდება ანარქო-კაპიტალიზმს.
ა. კომუნიტარული ეთიკა. თუკი ლიბერალებმა ადამიანის პერსონა აღიარეს სრული თავისუფლების მატარებელ სუბიექტად, რომელიც თავად ირჩევს ღირებულებათა სისტემას და ცხოვრების მიზანს, კომუნიტარიანელებმა ეს თეზისი უარყვეს და მას დაუპირისპირეს პიროვნების, მისი საქმიანობის, უფლებების, იდეებისა და პრინციპების სოციალური განსაზღვრულობის პრინციპი.
ბ. სუბსიდიარობა. გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნას იქ, სადაც მისი მიღება ყველაზე მეტად ეფექტურს წარმოადგენს - ეს გახლავთ სუბსიდიარიზმის მთავარი პრინციპი. ქვემოდან ზემოთ გადაცემა ხდება მხოლოდ იმ უფლებამოსილებათა (და ფუნქციათა), რომელთა აღსრულება ვერ ხერხდება ქვედა დონეზე. ევროკავშირი ამ პრინციპზე დაყრდნობით არის შექმნილი - ადამიანი, თემი, ტერიტორია, სახელმწიფო, სახელმწიფოთა გაერთიანება, მსოფლიო... ამ თანამედროვე იერარქიის დარღვევას დისონანსი (ქაოსი) შეაქვს არათუ ერთი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს სისტემაში. ბუნებრივია, რომ ქაოსის მდგომარეობიდან სისტემა გადაჰყავს გარეჩარევას, რაც დროდადრო აუცილებელია წესრიგის აღსადგენად.
ჩემი შეხედულებები თუ ვინმეს აინტერესებს, თავს კლასიკური ლიბერალიზმის (ნეო-კონსერვატიზმის) ქრისტიანულ-დემოკრატიული მიმართულების მომხრედ მოვიაზრებ. სხვაგვარად შეუძლებელია იყო სოციალური ქრისტიანობის მომხრე.
კულტურის, განათლების, სპორტის, ხელოვნებისა თუ სხვა (ძირითადად, ინფრასტრუქტურული სისტემების) განვითარების ჩამოკიდება მთლიანად საბაზრო ურთიეთობებზე, ნიშნავს ამ სისტემათა ჩაურეველი თვითორგანიზების პრინციპებზე გადაყვანას. თავისთავად თვითორგანიზება და თვითგანვითარება სწორია და მართებული, მაგრამ ულტრალიბერალებს ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი სისტემა (თვითორგანიზებადი და თვითგანვითარებადი) საჭიროებს გარეიმპულსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამოწურავს შიდაენერგიას და კვდომას იწყებს.
რაც შეეხება ზემოთქმულს ადამიანის (და საზოგადოების) ერთადერთ მამოძრავებელ მოტივად მოგების გამოცხადების თაობაზე, იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც ”კაპიტალისტური მატერიალიზმი”. ჩვენებურ ანარქისტ-კაპიტალისტებსა (”კაპიტალისტურ მატერიალისტებს”) და მათ მიმდევარ მალხაზ (სიცოცხლით სავსე, ცქვიტი, კოხტა, ლამაზი - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ.5, გვ.28) ყმაწვილებს, დიდი შანსი აქვთ საქართველო გადააქციონ არა თუ ნახევრად-პერიფერიულ სახელმწიფოდ, არამედ პერიფერიულ მხარედ მონოეთნიკური თვითმმართველი ანკლავებით.
სოციალური ქრისტინობის მოძღვრების მიხედვით პიროვნება სრულად თავისუფალია სიმდიდრის დაგროვებისთვის წარმართულ საქმიანობაში, მაგრამ იგი თავისი კერძო საკუთრებით პასუხისმგებელია საზოგადოების კეთილდღეობაზე, რადგან მას თავსუფლებას სწორედ ეს საზოგადოება აძლევს და არა აბსტრაქტული უფლება, ისე წარმართოს საკუთარი საქმე, რომ გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს და საქმიანობს (!), მისი ყურადღების გარეთ დარჩეს (უარეს შემთხვევაში, იგნორირება გაუწიოს მას). რაც მთავარია, სრულებითაც არ არის საჭირო ადამიანის არსებობის ბუნებითი და საზოგადოებრივი საწისების ურთიერთდაპირისპირება, მათი სამართლებრივად მოწესრიგებული (და არა ზღაპრულ-ჰარმონიული) ურთიერთობა განაპირობებს სახელმწიფოში ადამიანთა ღირსეული არსებობის ხელშემწყობი პირობების შექმნას.
გლობალიზმი სწრაფი ტემპით და დიდი მასშტაბებით გვიახლოვდება, მისი დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად. ქართული საზოგადოება (სრულიად საქართველო) უნდა ჩაერთოს ამ პროცესში შიშის გარეშე ერთადერთი პირობით - მან უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი გლობალისტურ მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა წარმოადგენდეს ფარღალალა ტერიტორიას, სადაც ყველა გააკეთებს იმას, რაც მოეპრიანება