ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა არ აწყობს
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში რუსული ჯარები იდგებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
ბურჯანაძის განცხადებით, მან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ საკითხი უკვე დააყენა, რომლებიც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.
- ”ხაზს ვუსვამ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის წისქვილს აშკარად ასხამს წყალს. ამ ხელისუფლებამ, თავისი სისულელით, დაუშვა ის, რომ დღეს საქართველოს ტერიტორია რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულია, ხელისუფლებამ, თავისი სისულელით, სოფელ პერევიდან გასული ჯარები უკან დააბრუნა და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ იქ 50 ჯარისკაცის ნაცვლად, 250 სამხედრო დგას, დგანან დესანტები, არიან ვერტმფრენები,” - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს საქართველოდან რუსული ჯარების გასვლა არ აწყობს.
- ”ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა არ აწყობს. მათ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის დამყარება არ აწყობთ, რადგან მიაჩნიათ, რომ საკუთარი უფლებამოსილების შენარჩუნების ერთადერთი ხერხი ქვეყანაში დრამატული ვითარების არსებობაა. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ უფრო სერიოზული ომის რისკის წინაშე არმოვჩნდებით,” - აღნიშნა ბურჯანაძემ.
