უგულავამ ქამარი შემოიჭირა
ისეთი ცნებები, როგორიც ძველი უბნების რეაბილიტაცია და რესტავრაციაა, უკვე დავიწყებას ეძლევა. ამის მიზეზია ძველი თბილისის გამგეობის ბიუჯეტი 13 მილიონით შემცირდა.
ასე რომ, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამისათვის თბილისის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში სულ 24,1 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მასშტაბური სამუშაოების ჩატარებისათვის მიზერული თანხაა.
გამოყოფილი თანხებით დაგეგმილია რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია, მთაწმინდის, ორპირისა და ბოტანიკურის ქუჩის რეაბილიტაცია, ბაღებისა და სკვერების მოწყობა, გორგასლის ქუჩაზე სკვერისა და პარკირების მოწყობა და სოლოლაკის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა.
სულ ეს არის, რასაც გაისად ძველი თბილისელები იხილავენ.
მანამდე თბილისის მერმა კი აღიარა, რომ სოლოლაკის აღდგენაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. გიგი უგულავას განცხადებით, 2009 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის სოლოლაკის რეაბილიტაციის პროგრამა, თუმცა ამ პროექტზე თბილისის მერია ბიზნესპარტნიორებთან ერთად იმუშავებს.
- “ვერ ვიწყებთ სოლოლაკის რეაბილიტაციის პროგრამას. ამისათვის 120 მილიონი ლარი გვესაჭიროება და ამის ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუძლებელია. ჩვენ ამ პროექტზე ჩვენს ბიზნეს-პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ”, - აღნიშნა უგულავამ.
სამაგიეროდ, ქალაქის დასუფთავებას 15 მილიონი წაემატება. თბილისის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურს 42 მილიონი ლარი გამოეყოფა.
თანხები გათვალისწინებულია სადარბაზოებში ბუნკერების გაუქმებისათვის, ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონების მოწყობისათვის, და ქალაქის დასუფთავებისათვის.
- “ჩვენ გადავწყვიტეთ, ბუნკერები გავაუქმოთ და მოსახლეობა საკონტეინერო მომსახურეობაზე გადავიყვანოთ. ხშირ შემთხვევაში ეს ბუნკერები ამორტიზებული იყო და სადარბაზოებში სანიტარულად ძალიან მძიმე მდგომარეობა იქმნებოდა. ამხანაგობებთან შეთანხმებით ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ ამ ბუნკერების დემონტაჟს”, - განაცხადა თბილისის მერმა.
საქმე ისაა, რომ ამ ქალაქს 42-მილიონიანი დასუფთავებისა არაფერი ეტყობა. გამოდის, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის 10% ნაგვის გატანაზე იხარჯება, მაგრამ უსუფთაობა მაინც თვალშისაცემია.
რამდენი უნდა დაიხარჯოს ერთი ქალაქის წესრიგში მოსაყვანად ძნელი სათქმელია, რადგან ყოველდღიურად თბილისის დასუფთავებაზე 115 ათას ლარზე მეტი იხარჯება.
