დიტო გელოვანი: დავითაია და პეპლების მეჯლისი
ისღა დაგვრჩენია, მადლობა შევწიროთ რუსებს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიზაციისკენ, რასაც ნატოსკენ, ევროკავშირისკენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მივყავართ.
უცნაურია, მაგრამ ტერიტორიები რომ არ დაგვეკარგა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცირეოდენი შანსიც კი არ გვექნებოდა. ჰოდა, მადლობა აქიშბაიას და მჟავიას, რომლებმაც მიატოვეს კოდორი და მადლობა იმ უცნობ ჩინოვნიკს, რომელსაც ჯარისთვის რაციების შეძენა დაავიწყდა. და, რა თქმა უნდა, მადლობა პრეზიდენტს, რადგან თანამდებობებზე ასეთ გულანთებულ პატრიოტებს ნიშნავს.
როგორც მივხვდი, დამნაშავე არავინაა. არადა, მეგონა, რომ ვიღაცის ბრალი მაინც იქნებოდა. მკითხავთ: “მა, აქიშბაია ვინ...” გიპასუხებთ: “აქიშბაია ვიღაცაც კი არ არის! აქიშბაია არის არავინ”. მოვა დრო და გაასამართლებენ ყველას. მათ შორის იმასაც, ვინც შუა ომის დროს ის სამარცხვინო მიტინგი მოაწყო და იმასაც, ვინც ის სამარცხვინო “ცოცხალი ჯაჭვი” დაგეგმა. ისევ მიტინგისა და ჯაჭვის მონაწილეები გაასამართლებენ.
შეიძლება ითქვას, რომ კომისიის დასკვნის გამომზეურებას სულ სამიოდე ბიოლოგიური ადამიანი გამოეხმაურა: ბაქრაძემ გამოხატა აღფრთოვანება, ბაღათურიამ გამოთქვა აღშფოთება, ხოლო აქიშბაიამ ჟენევიდან დაიკნავლა, ჩამოვალ და რამეს გეტყვითო. ბაქრაძეზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ბაღათურიას, ჯონდის ის ეწყინა, კომისიაში რომ არ შეიყვანეს. კომისიას “ბაღათურიას კომისია” რომ რქმეოდა, დავითაია იქნებოდა აღშფოთებული, რადგან ამ ორ სახელმწიფო მოღვაწეს შორის განსხვავება არის მხოლოდ რამდენიმე ღერი თმა.
ანუ, აქიშბაია იყო ჟენევაში. არ აპირებდა წასვლას, მაგრამ მის გვერდით სულ ცოტა ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უთხრა, ჟენევაში წადიო. შეგახსენებთ, რომ, თავად აქიშბაიას განცხადებით, აგვისტოში მის გვერდით ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, კოდორში წასვლას რომ ურჩევდა. არ ვიცი, დაბრუნდა თუ არა აქიშბაია ჟენევიდან თბილისში. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, ეტყოდა თუ არა ვინმე, თბილისში დაბრუნების დროაო.
ნინო ბურჯანაძე ვაშინგტონში იმყოფება და იქიდან გვმოძღრავს. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, უკრაინის მსგავსად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორისაც გაფორმდება.
წარმოგიდგენიათ, როგორი ბრძენია ეს გოგო! აბა, მე და თქვენ ამდენს როგორ მივხვდებოდით? მე და თქვენ იმასაც ვერ ვხვდებით, რომ საზღვრის სახელმწიფო დაცვა-გამაგრება კვლავ იმ ადამიანებს უნდა მივანდოთ, რომლებმაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება დააგროვეს და რუდუნებით აღსავსე პროფესიონალიზმი გამოავლინეს. პრინციპში, ურიგო არ იქნებოდა, თუ პურპროდუქტების საქმესაც გამობრძმედილ ადამიანებს მივანდობდით და მომავალი პრეზიდენტი თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა, სათვალეებიანი იურისტი ქალი რომ უნდა იყოს, ამას არც უნდა განხილვა. კარგი იქნება, თუ იმ ქალს ექნება ბევრი ბეჭდები, საყურეები და გულსაბნევები. მაგრამ, სად უნდა ვიპოვოთ ისეთი ორი კაცი და ასეთი ერთი ქალი? ეტყობა, ნინოს აქვს რაღაც მოსაზრება და ვაშინგტონშიც ამიტომ იმყოფება.
საინტერესო სიტუაციაა. იმ დროს, როდესაც ნინო ბურჯანაძე ვაშინგტონს ანათებს, მიშა სოფელ-სოფელ დადის და ადამიანებს ანათლებს. ჯერ იყო და მისაქციელში ჩავიდა და რამდენიმე საათი ბუხრის პირას გაატარა. იმ დღეს მთელი ლექცია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაეთმო. შემდეგ, მიშა ჩავიდა ტყიბულში და ჩააღწია მაღაროში, სადაც მუშებს ქვანახშირის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ახლა მიშას ერთი სული აქვს, მეაბრეშუმეებს ესტუმროს და აბრეშუმის ჭიის მოვლაზე და თუთის ფოთლის კრეფის ტექნოლოგიებზე ელაპარაკოს.
ისე, მეჩაიეებთან არ მივა? როგორც ცნობილია მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო შორს გაიტანა ისედაც სახელგანთქმული ქართული ჩაის სახელი. ხომ გახსოვთ, რომ ეცა და რომ დალია?!
როგორც მახსოვს, მიშას მეღვინეებთან საქმე უკვე მომთავრებული აქვს. დანარჩენ პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლება აგვარებს. გურჯაანში გუბერნატორმა ღვინიაშვილმა თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარა 12 კაცი უმუშევარი დარჩა. ეს ისინი არიან, კანონები რომ არ იციან და 100-დან 75 რომ ვერ შემოხაზეს. „ყოფილი გუბერნატორები თუ საკუთარი სურვილით ათავისუფლებდნენ თანამშრომლებს, გიორგი ღვინიაშვილი ტესტირების მეთოდით ცდილობს იგივეს, თანაც ისე, რომ მას კანონიერების იერსახე მისცეს. ვაკანსიებზე კი მასთან დაახლოებულ პირებს დანიშნავს, თანაც ძალოვანი სტრუქტურებიდან, ისე, როგორც გურჯაანის გამგებლის დანიშვნის შემთხვევაში მოხდა და კახეთი მალე პოლიციური რეგიონის სტატუსს მიიღებს“, - განაცხადა „მემარჯვენე“ არჩილ ჯორჯაძემ.
მემარჯვენე არჩილ ჯორჯაძეს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა ნოე ჟორდანიამ, ლეიბორისტმა მიხაკო წერეთელმა და ქრისტიან-დემოკრატმა მაგდალინა ანიკაშვილმა. დემოკრატებს არ ეცალათ – ყრილობა ჰქონდათ.
პარტიის თავმჯდომარედ გია თორთლაძე აირჩიეს, გენერალურ მდივნად - გია ცაგარეიშვილი. საერთოდ, ასეთი ყრილობების შემდეგ ბანკეტი იმართება ხოლმე, მაგრამ რადგან თავმჯდომარეც გიაა და გენერალური მდივანიც, ამიტომ მოეწყო ორგია. მთავარი - ყრილობაზე შეიცვალა პარტიის სახელი. „დემოკრატიული პარტია“ შეიცვალა „საქართველოს დემოკრატიული პარტიით“. შესაბამისი ცვლილებები შევიდა წესდებაშიც.
ეგრე, რა, თქვე კაი ხალხო!!! მანამდე, სულ ვიბნეოდი, მეთქი, თორთლაძე-ცაგარეიშვილი პარტია, ნეტა რომელი ქვეყნის პარტიაა-მეთქი. ახლა უკვე ვიცი – ეს პარტია დედასაქართველოს კუთვნილებაა. ყრილობაზე გამოსვლისას გია თორთლაძემ განაცხადა, პარტიის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ხალხის მმართველობის დამყარება და დემოკრატიის პროცესების დაჩქარებააო. ეს მანამდე თქვა, სანამ პარტიას სახელი შეეცვლებოდა და დელეგატები ვერ მიხვდნენ, რომელ ქვეყანაში აპირებდა ხალხის მმართველობის დამყარებას გია თორთლაძე - ჰიმალაებიან ნეპალში თუ ალპებიან შვეიცარიაში. ახლა უკვე ვიცით - ყვარლისმთებიან საქართველოში. ყრილობას დაესწრო 1060 დელეგატი, ანუ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო. ეტყობა, მეც ვიყავი და აღარ მახსოვს.
ახლა, ნიუსი: “თბილისი. 19 დეკემბერი. ”ინტერპრესნიუსი” - პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს დაიხურა. სესიის დახურვისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განვლილ პერიოდს ურთულესი პერიოდი უწოდა და კოლეგებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე შეახსენა დეპუტატებს, რომ მიუხედავად სესიის დახურვისა, დეპუტატებს წლის ბოლომდე რიგგარეშე ფორმატში მაინც მოუწევთ მუშაობა”.
ამ ნიუსიდან კარგად ჩანს, თუ რა რაოდენ ბრძენია დავით ბაქრაძე. მის ადგილას სხვა დედის გინებას დაიწყებდა, დეპუტატებს უწოდებდა უვიცებს და უსაქმურებს, მაგრამ ბაქრაძე კარგი ფსიქოლოგია. მან იცის, რომ თუ ხვრელიდან გველის ამოყვანა გინდა, ენა უნდა დაიტკბო. ეგ ეგრეა, მაგრამ აი, რა არ მესმის - რატომ უნდა ამოიყვანო ხვრელიდან გველი? გველის ადგილი ხვრელშია. ასეა თუ ისე, ბაქრაძე მაინც ბრძენია და ამ ახალგაზრდა კაცს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ღვაწლმოსილი” და “სულმნათი”.
მეთიუ ბრაიზა უფრო შორს წავიდა და ლექსად თქვა. ნიუსში ასე იყო: “აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს “მსოფლიოს ამ რეგიონში დემოკრატიის სახეს” უწოდებს”. აბა, ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ ბრაიზას არ ვენდოთ? ერთი კია, დემოკრატიის სახე მიშა მეგონა და ახლა მიშა ვინ არის? ალბათ, დემოკრატიის სული. ვანო – დემოკრატიის გონება. ბენდუქიძე? ოოოო, ბენდუქიძე, ბენდუქიძე და ახალაიები, ახალაიები... ახლა არ ღირს.
ვაშაძეც ხომ არის რაღაც? ვაშაძე ის კაცია, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ომის პერიოდში შეაფასა როგორც არადამაკმაყოფილებელი და განსაკუთრებული აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ “გამართული არ იყო სამინისტროს ვებგვერდისა და საკომუნიკაციო საშუალებების მუშაობა”. ვაშაძის თქმით, აგვისტოს მოვლენები იყო სერიოზული გაკვეთილი. “აგვისტოს მოვლენები სერიოზული გაკვეთილი იყო და აუცილებლად იქნება გამოსწორებული ის მიმართულებები, რაშიც ნაკლოვანებები არსებობდა” - აღნიშნა ვაშაძემ. მოკლედ, ვებ-გვერდი გამოსწორდება. ხოლო გაკვეთილი... თუ სკოლიდან გაგრიცხეს, მერე გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე ის შენი რუმბივით გაგორებული გაკვეთილი.
მოვა დრო და გურამ ჩახვაძე აუცილებლად იტყვის, ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყოო. საუბარია იმაზე, რაც გასულ კვირაში მოხდა. გასულ კვირაში კი ის მოხდა, რომ გია ჭანტურიას ძველი თანამებრძოლი ასლან აბაშიძის ძველ თანამებრძოლს ჩაეხუტა. ანუ, ჩახვაძე შევიდა თარგამაძის ფრაქციაში და ამ ეტაპზე მთლად შაჰის ცოლობას ვერა, მაგრამ ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობას ნამდვილად გამოკრა ხელი. ამ ხელს კი მაშინ აწევს, როცა თარგამაძე უკარნახებს. თარგამაძე კი მაშინ უკარნახებს, როცა მიშა უბრძანებს. მიშა მაშინ უბრძანებს, როცა მოუვლის, ან როცა მოეპრიანება. როგორც გნებავთ ისე დაარქვით.
ჰოდა, ზუსტად ამაზე გამახსენდა გასული კვირის ერთი ამბავი, რომელსაც ასევე ნიუსად გეტყვით: ”ბათუმის თეატრი რუსთაველის თეატრში გასტროლებს მართავს. ამის შესახებ დღეს რუსთაველის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმის თეატრის მმართველმა ზაზა ხალვაშმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ განაცხადეს. ზაზა ხალვაშის განცხადებით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 20-21 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გოლდონის ორ მოქმედებიან კომედიას - “ორი ბატონის მსახური” წარმოადგენს”.
ორი ბატონის მსახური - მართლაც დროულია ამ თემაზე საუბარი. ზოგიერთი, ჩვენ რომ ერთი ქვეყნის მსახურები გვგონია, ხშირად სულ სხვა ქვეყნის სამსახურში დგანან ხოლმე. უფრო ხშირად კი ორ ბატონს ემსახურებიან. გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს “სტალინის ორგანიზაციისა” და კომუნისტური პარტიის წევრები ჯერ სტალინის მუზეუმთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი თავიანთი ბელადის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ამ დღეს ნაციონალები საკუთარი ბელადის დაბადების დღეს ზეიმობდნენ. ზეიმის მიზეზი ჰქონდათ სხვებსაც - ამ დღეს, 70-იანი წლების დასაწყისში დაიბადა ირაკლი ალასანია.
სააკაშვილის, ალასანიას და სტალინის დაბადების დღე თავისებურად აღნიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ. იგი სომხეთში ჩავიდა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს წიგნები გადასცა. სულ ორი წიგნი წაიღო და დიასპორის თითოეულ წევრს ორი წიგნი შეხვდა.
აი, როდესაც მისი სომეხი კოლეგა ანალოგიური ვიზიტით გვეწვევა, წიგნებს სულ ეშელონებით ჩამოიტანს. შემდეგ, ნიკა რურუა ჩავა ერევანში და ჩამოიტანს რომელიმე უძველესი ქართული საფლავის ქვას. ჩამოვა მისი კოლეგა და წაიღებს რამდენიმე ტაძარს. ამას ჰქვია თანამშრომლობა – სოტრუდნიჩესტვო.
ნიკარაგუას პრეზიდენტს, დანიელ ორტეგა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლა სურს. ეგ არაფერი, ჩამოვიდეს. მთავარი ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი და ოპერისა და ბალეტის თეატრი გამართულად ფუნქციონირებდნენ.
მთავარია, არასამთავრობო სექტორს არ შეეშალოს ხელი, იაროს ლინა ცხოვრებოვამ ვაშინგტონში და გრანტები გაახერხოს თავისი თბილისელი პარტნიორებისთვის. ადამიანის უფლებები ხომ მთავარია? ხომ მთავარია, რომ განვითარდეს სექტორი, რომელსაც არ ვიცი სად და რატომ ანიჭებენ ნუმერაციას.
გულდამძიმებული გემშვიდობებით. მალე ახალი წელი მოვა. მოვა თოვლის პაპა და მოგვთხოვს ანგარიშის ჩაბარებას. რას ვეტყვით? მე ვეტყვი, რომ ისევ 21 დეკემბერს დაბადებულები მირჩევნია 31 მარტს დაბადებულს, რადგან რომ არა 1939 წლის 31 მარტი, არ იქნებოდა 1991 წლის 22 დეკემბერი და არც 2003 წლის 23 ნოემბერი გახდებოდა საჭირო.
