სააკაშვილისეური ლოზუნგები ანტიკრიზისზე
მთელი ანტკრიზისული გეგმა სააკაშვილის ლოზუნგებსა და სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებას გულისხმობდა. ლოზუნგები ხალხისთვის იყო განკუთვილი, ხოლოსახელმწიფო პროგრამები - მთავრობასთან დაახლოებული სატელიტური ბიზნეს-კომპანიებისათვის.
- ”საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფო უნდა გახდეს”, - დასჭექა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე და იქვე ინვესტორების ”ეთნიკურ” გადაშენებას გაუსვა ხაზი: ”ინვესტორი, როგორც ჯიში, მსოფლიოში გამქრალია!”
პრეზიდენტი არ მალავას, რომ ყველაზე დიდ კომპანიებსაც კი უწევთ თავის გადარჩენაზე და არა ინვესტიციებზე ფიქრი. სიტუაციას ის უფრო ამძიმებს, რომ ”კრედიტები ბანკებში გაიჭედა”.
- ”ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის სტაბილური კურსი, ნორმალური საბანკო სისტემა. ბანკებში არის ფული, თუმცა მათ არ აქვთ ეკონომიკური ოპტიმიზმი”, - დასძინა პრეზიდენტმა.
მან სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელი ტენდერების გამოცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ისინი მაქსიმალურად საჯარო უნდა იყოს. ”მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ტენდერები პატიოსნად ჩატარდეს”, - აღნიშნა სააკაშვილმა. ტენდერების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, მისივე თქმით,ტელეკომპანიების მეშვეობითაც უნდა გაშუქდეს.
ეს სიტყვა იყო, რომ ფინანსთა მინისტრს აღარ დაუხანებია, რათა საზოგადოებისათვის სახარბიელო ინფორმაცია ეხარებინა. მომავალი ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე ტენდერებს გამოაცხადებს.
გილაურის თქმით, ამ თანხიდან 300 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება, 160 მლნ ლარი სხვადასხვა მცირე პროექტებს (მათ შორის ირიგაციის გაუმჯობესების და ნაპირსამაგრ სამუშაოებს), 120 მლნ ლარი - დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, 120 მლნ ლარი - თბილისში მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას, 120 მლნ ლარი -მუნიციპალური განვითარების ფონდს, 66 მლნ ლარი - რეგიონების ფონდს, 20 მლნ ლარი - სოფლის დახმარების პროგრამებს.
თანხის ხარჯვა თებერვალში დაიწყება. ”1 მლრდ ლარის ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 25-30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, - აცხადებს გილაური.
მთლიანობაში წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ოდენობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს. გილაურის განცხადებით, ეს პაკეტი სტიმულირებას გაუწევს საბანკო სექტორსაც. მას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც განსაკუთრებით მოითხოვა საბანკო სექტორის მხარდაჭერა იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ბანკებმა ათასობით ადამიანი გაუშვეს სამსახურებიდან.
გზების დეპარტამენტის უფროსის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურას წელს, ჯამში 521 მლნ ლარი მოხმარდება. ეს თანხა როგორც მიმდინარე, ასევე ახალ პროექტებზე დაიხარჯება.
