„ნიუს კორპის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას „ტელეიმედისთვის“ გამოცხადებული
| „ნიუს კორპის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას „ტელეიმედისთვის“ გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს | |
ტრანსნაციონალურ მედია კორპორაცია „ნიუს კორპს“, რომელსაც ტელერადიოკომპანია „იმედში“ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წილის განკარგვის უფლება უახლოეს დღეებსი ოფიციალურად გადაეცემა, ამ წილის გასხვისების ან დაგირავების უფლება არ ექნება. |
ამის შესახებ ცნობილი გახდა 31 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც „ნიუს კორპის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ პომპადურმა, კორპორაცია "ნიუსმედიას" ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვორონოვმა, ტელერადიოკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და კომპანია „სელფორდ-საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი რუხაძემ და ტელერადიოკომპანია „იმედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის რობერტსონმა გამართეს.
მარტინ პომპადურის ინფორმაციით, პატარკაციშვილი ერთი წლით დარჩება ამ აქციების მფლობელად.
ბადრი პატარკაციშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ 2002 წელს დააფუძნა. 2006 წლის ზაფხულში კი მან „იმედის“ აქციების გარკვეული ნაწილი „ნიუს კორპს“ მიჰყიდა. ამ აქციების პროცენტული რაოდენობა მაშინ უცნობი დარჩა და ეს ინფორმაცია არც დღევანდელ კონფერენციაზე გახმაურებულა. თუმცა ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპი“ ტელერადიოკომპანია „იმედის“ აქციების სრულ პაკეტს განკარგავს.
ებრაული წარმოშობის ქართველი ბიზნესმენის მიერ ტელეკომპანიაში თავისი წილის პარტნიორებისთვის გადაცემას წინ უსწრებდა პატარკაციშვილის განცხადება ოპოზიციის აქციების დაფინანსების შესახებ. თავის მხრივ ოპოზიცია 2 ნოემბერს საპროტესტო დემონსტრაციის გამართავს გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
ირაკლი რუხაძის ინფორმაციით, პატარკაციშვილის მიერ წილის მართვის უფლებების „ნიუს კორპისთვის“ გადაცემის შესახებ დოკუმენტი დარეგისტრირდება და ის საჯარო გახდება.
ამ ოპერაციის მიზეზებზე საუბრისას ირაკლი რუხაძემ განაცხადა შემდეგი: , „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დამუხტულ პოლიტიკურ ვითარებაში ძალიან რთულია ჟურნალისტების მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ამაზე ხშირად საუბრობდნენ არხის პარტნიორები, ამიტომაც იყო ხსენებული გადაწყვეტილება მიღებული“, თქვა რუხაძემ.
მისივე განცხადებით, „ნიუს კორპი“ მოწყვეტილია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას“ , ამასთან, ის გამოცდილი კომპანიაა.
მარტინ პომპადურის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ტელერადიოკომპანია „იმედისთვის“ ბოიკოტის გამოცხადების პირობებში, ამ არხზე დაბალანსებული პოლიტიკის გატარება რთული გახდა და მის ეთერში „დიალოგი იქცა მონოლოგად“.
პომპადურმა თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „იმედის“ ბოიკოტი და კვლავ მიიღოს მონაწილეობა არხის ტელე და რადიო დებატებში.
წყარო http://media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=2651
