დავით გამყრელიძე –საარჩევნო პროგრამა
დავით გამყრელიძე –საარჩევნო პროგრამა
პრეამბულა
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო დღეს კიდევ ერთხელ
იძენს შანსს გახდეს დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი.
„ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ უხეშად გათელა
დემოკრატიის ის ჩანასახი, რომელიც 90-იანი წლებიდან სუსტად, მაგრამ მაინც
ვითარდებოდა ქვეყანაში. დღეს საქართველოში რეალურად ხელისუფლება
აკონტროლებს საზოგადოებას და არა საზოგადოება – ხელისუფლებას. დარღვეულია
ადამიანის ყველა ძირითადი უფლება და თავისუფლება, ფიქციად იქცა კერძო
საკუთრება, მკაცრად იზღუდება თავისუფალი მედია. საქართველოს ეკონომიკა აღარ
ვითარდება თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მიხედვით. ბიუჯეტის
ზრდა ქვეყანაში მიიღწევა არა წარმოების, აგრარული სექტორის განვითარების, არამედ
გაუაზრებელი ტოტალური პრივატიზაციისა და მოსახლეობიდან ამოღებული
ჯარიმების მობილიზაციის ხარჯზე. ამიტომაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის
ზრდის ფონზე რეალურად გაუარესდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, მასშტაბური
ხასიათი მიიღო უმუშევრობამ, ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე მოექცა სააკაშვილის და
მისი უახლოესი გარემოცვის კლანების ხელში და აღარ ხმარდება მის რეალურ
მფლობელს – საქართველოს მოსახლეობას.
სერიოზული კრიზისია განათლების სისტემაში, კულტურაში. სახელმწიფო აღარ
ზრუნავს ქართული ენის განვითარებაზე, შეფარვით ებრძვის ქართული
სახელმწიფოებრიობის და ზნეობრიობის საძირკველს – მართლმადიდებელ ეკლესიას.
ყოფილი პრეზიდენტის ხელისუფლებამ ჩიხში შეიყვანა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, რაც მთავარია, დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ
ამ ხელისუფლების ოთხწლიანი მოღვაწეობის შედეგად საქართველო რეალურად
დაშორდა ნატოსა და ევროკავშირს. მიუხედავად ნატოს სტანდარტებთან ჩვენი
შეიარაღებული ძალების შესაბამისობაში მოყვანისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული
მილიარდებისა, პრაქტიკულად ვერ იქნა მიღწეული მისი ბრძოლისუნარიანობის
ზრდა.
საქართველოში დამკვიდრდა სპეცსამსახურების მიერ მოსახლეობის
ტოტალური მოსმენების, დაშინების, შანტაჟის გაუსაძლისი მორალური ატმოსფერო
და, რასაც ყველაზე ძნელად ეგუება ქართული საზოგადოება – ადამიანების ღირსების
ცინიკურად შელახვა ხელისუფლების მხრიდან. გახლეჩილი და დათრგუნულია
საზოგადოებრივი ცნობიერება.
ხელისუფლებამ განახორციელა მოსახლეობის ასაკობრივი დისკრიმინაცია,
„ჩარეცხილად“ გამოაცხადა საქართველოს მოქალაქეთა მთელი თაობები.
მიზეზი ერთია – „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი პრეზიდენტის –
მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლას და
რევოლუციური გზით ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კატეგორიულად
ეწინააღმდეგებოდა ჩვენი პოლიტიკური ძალა 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის
დროს. ეს ბრძოლა არც ერთი დღით არ შეგვიწყევტია განვლილი ოთხი წლის
განმავლობაში.
იმ დროს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო სწრაფად მიიწევს წინ,
საქართველო ტრიალებს ერთი და იგივე წრეზე – რევოლუციიდან რევოლუციამდე.
რევოლუციას არასოდეს მოუტანია ევოლუცია!
ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე და ქვეყანა დავაყენოთ რეალური
და არა მოჩვენებითი განვითარების გზაზე.
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება
და მოსახლეობის მხრიდან სწორი არჩევანის გაკეთება სტაბილურობისა და
თანმიმდევრულობის სასარგებლოდ – ერთადერთი შანსია ქვეყანამ იაროს წინ –
დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოსაკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს
იმისათვის, რომ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დავამკვიდროთ
ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ზომიერებისა და
პასუხისმგებლობის ნორმები.
ჩვენი გზა არის გზა ევროპული კეთილდღეობისაკენ!
მოსახლეობას ვთავაზობთ საპრეზიდენტო პროგრამას, რომელიც
ორიენტირებულია არამარტო ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური და
ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, არამედ უზრუნველყოფს გარღვევას, შექმნის
სტაბილურ გარემოს ეკონომიკის განვითარებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობის
ამაღლებისათვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის კონსტიტუციური
მოწყობის საკითხი გადაწყდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
რეფერენდუმის მეშვეობით ქართველი ხალხი პასუხს გასცემს კითხვაზე
როგორი სახელმწიფო მოწყობა სურს თავის ქვეყანაში – საპარლამენტო რესპუბლიკა
თუ საპარლამენტო მონარქია.
ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იდეას
საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ. მიგვაჩნია, რომ თუ
რეალურად გვსურს ცხოვრება დემოკრატიულ და სტაბილურ სახელმწიფოში – ეს
კონსტიტუციური მონარქიით მიიღწევა, რადგან ასეთ სახელმწიფოში ქვეყანას მართავს
ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტის უმრავლესობით
დამტკიცებული მთავრობა; ხოლო ერის კონსოლიდაციისა და თვითმყოფადობის
სიმბოლოს წარმოადგენს ყოველგვარი პარტიული კუთვნილებისაგან თავისუფალი
მონარქი, მეფე. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის
პოსტი ზეპარტიულმა საზოგადო მოღვაწემ უნდა დაიკავოს, რაც შეეხება
კონსტიტუციური მონარქიის პირობებში - მეფეს, პირველი წლების განმავლობაში,
მისი მოვალეობის შესრულება რეგენტმა უნდა იკისროს. ასეთ რეგენტად, მეფის
მოვალეობის შემსრულებლად, მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიგვაჩნია.
მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, საზოგადოების არჩევანი – საპარლამენტო
რესპუბლიკის თუ საპარლამენტო მონარქიის სასარგებლოდ, დაუყოვნებლივ
აღსრულდება პარლამენტში ახალი კონსტიტუციის მიღებით და ხელახალი
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით.
მიუხედავად იმისა, რა გადაწყდება რეფერენდუმზე, ახალი სახელმწიფო წყობის
შემოღებამდე ქვეყანა უნდა მართოს პრეზიდენტმა და განახორციელოს აქტიური
ქმედება იმ კრიზისის დასაძლევად, რაც ქვეყანაშია შექმნილი.
ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა:
ვაქციოთ საქართველო დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოდ
• საქართველო ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანებს ექნებათ აზრის გამოხატვის,
ხოლო მედია-საშუალებებს – ინფორმაციის მიღების და გავრცელების სრული
თავისუფლება, სადაც რეალურად დაცული იქნება ადამიანის ყველა ძირითადი
უფლება და თავისუფლება, სადაც სახელმწიფო იქნება მოქალაქეთა კერძო
საკუთრების დაცვის მყარი გარანტი;
• უზრუნველვყოთ, რომ ქვეყანაში ადამიანებს არ ეშინოდეთ პოლიციისა და
სასამართლოსი, არამედ სწორედ ეს ინსტიტუტები მიაჩნდეთ მათი უფლებებისა და
თავისუფლების გარანტად;
• ყველა დონის სასამართლო დაუყოვნებლივ გავათავისუფლოთ სახელმწიფო
კონტროლისაგან, მივცეთ სრული დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის
გარანტია, რისთვისაც:
– იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური კომისია დაკომპლექტდება არა
ხელისუფლების მიერ დანიშნული პირებით, არამედ მოქმედ მოსამართლეთა
შემადგენლობიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
– საპროცესო შეთანხმება არ გავრცელდება მძიმე დანაშაულზე;
– კანონმდებლობით შეიზღუდება წინასწარი პატიმრობა.
• გავაუქმოთ ავადსახსენებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და რეორგანიზაციის
შედეგად ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოვაყალიბოთ მუნიციპალირი
პოლიცია და ეროვნული გამოძიების ბიურო. გავაუქმოთ „კუდ“-ი და „სოდ“-ი,
როგორც სადამსჯელო ორგანოები, პოლიციას ჩამვაშოროთ ეკონომიკურ
დანაშაულთან ბრძოლის ფუნქცია;
• გავაუქმოთ პროკურატურა, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი და
შევიყვანოთ იუსტიციის სამინისტროში სტრუქტურულ ერთეულად, რაც იძლევა
საშუალებას პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტროლი დავუწესოთ მის
საქმიანობას;
• რეალურად დავამკვიდროთ საზოგადოების კონტროლი ხელისუფლებაზე,
სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის გზით ხელი
შევუწყოთ არასამთავრობო სექტორის, პროფესიული კავშირების განვითარებას,
ბიზნეს-ასოციაციების ჩამოყალიბებას;
• უზრუნველვყოთ ქვეყნის ყველა მოქალაქის თანასწორობა, მიუხედავად ეთნიკური
წარმომავლობისა და აღმსარებლობისა; გარანტირებული გავხადოთ არაქართველი
ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, შემოქმედებით
საქმიანობაში, სხვა სფეროებში;
• რეალური თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები ქალისა და მამაკაცისათვის
პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ვაქციოთ საქართველოს
დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების სერიოზულ რესურსად.
უზრუნველვყოთ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და რეალური
თვითმმართველობის ჩამოყალიბება
• დავამკვიდროთ რეალური თვითმმართველობა, როგორც ისტორიული მხარეების,
ისე დღეს არსებული რაიონების დონეზე, რის შედეგადაც გვექნება
თვითმმართველობის ორი დონე:
– I დონე – რაიონი – ირჩევა 2 წლით;
– II დონე – რეგიონი – ირჩევა 3 წლით.
• საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მთელ საქართველოში ხელახლა ჩავატაროთ
თვითმმართველობის არჩევნები;
• მოვახდინოთ კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის მკვეთრი გამიჯვნა
ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და
შესაბამისად, მათ შორის სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილება.
უზრუნველვყოთ საქართველოს უსაფრთხოება სწორი თავდაცვითი
სტრატეგიით და ეფექტური საგარეო პოლიტიკით
• ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ნატო-ში გაწევრიანება, როგორც
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიული განვითარების
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი; მივაღწევთ, რომ საქართველოს
დავუბრუნოთ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა;
• მივაღწევთ ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან, თანასწორი,
პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. უახლოესი პერიოდის ამოცანად
მიგვაჩნია რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ეკონომიკური ემბარგოს მოხსნა;
• კავკასიის რეგიონის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის გზით მოვახდენთ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას;
• კონკრეტულს და ქმედითს გავხდით საქმიანობას ევროკავშირის „ევროპის
სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში;
• მოხდება დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაყვანა საქართველოს კონფლიქტური
ზონებიდან;
• დაუყოვნებლივ გაუქმდება სამხდრო სავალდებულო გაწვევა, არმია სრულიად
გადავა საკონტრაქტო პრინციპზე. შესაბამისად, მოხდება შეიარაღებული ძალების
ოპტიმიზაცია, დაინერგება ანაზღაურების და სოციალური უზრუნველყოფის
დასავლური სტანდარტები. შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის 40-45%
მოხმარდება სოციალურ სფეროს;
• მოხდება არმიის გადაირაღება და ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლა, რისთვისაც:
– თავდაცვის ბიუჯეტის 25-30 % მოხმარდება გადაიარაღებას;
– ეტაპობრივად შეიქმნება რეზერვის მრავალსაფეხურიანი სისტემა;
– მოძველებული ტექნიკა და შეიარაღება გამოყენებულ იქნება სარეზერვო
კომპონენტის მეორე ეშელონისათვის.
• აღდგება სამხედრო აკადემია;
• შეიქმნება სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი.
აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
• გავიყვანთ რუს სამშვიდობოებს საქართველოს ტერიტორიიდან;
• მკვეთრად გამოვკვეთავთ ვექტორს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე,
რისთვისაც:
– ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს სეპარატისტულ
ხელისუფლებებთან;
– კონსტიტუციური მონარქია სრულიად ახალ და უნიკალურ შანსს გვაძლევს
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და ერთიან სახელმწიფოში
თანაცხოვრებისათვის და ჩვენ გამოვიყენებთ ამ შანსს;
– გავითვალისწინებთ სოხუმის და ცხინვალის გონივრულ ინტერესებს ერთიანი
საქართველოს ფარგლებში;
– სტაბილური, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შექმნით
მიმზიდველს გავხდით საქართველოს ფარგლებში ცხოვრებას ჩვენი აფხაზი და ოსი
თანამოქალაქეებისათვის;
– ხელს შევუწყობთ ევროპის კავშირის, მასში შემავალი ცალკეული სახელმწიფოების,
ასევე სხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობის გააქტიურებას კონფლიქტის მოგვარების პროცესში;
• დევნილ მოსახლეობას შევუქმნით როგორც აქ ღირსეულად ცხოვრების, ისე
საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების საშუალება, რისთვისაც:
– დევნილებს დაურიგდებათ ვაუჩერები, რომელთა განაღდება შეეძლებათ
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ და გამოყენებული იქნება
საცხოვრებელი გარემოს მოსაწყობად.
დავიცვათ თითოეული ადამიანის საკუთრება და შევუქმნათ
ეკონომიკური კეთილდღეობა ყველა ოჯახს
• გარანტირებული გავხადოთ მოქალაქის კერძო საკუთრების დაცვა ქვეყანაში;
• უზრუნველვყოთ სახელმწიფოსა და მეწარმის სამართლებრივი თანასწორობა,
პოლიტიკური და ადმინისტრაციული წნეხისა და სახელმწიფოს ჩარევისაგან
გავათავისუფლოთ ბიზნესი. სახელმწიფოსთან დავებში აღვადგინოთ კერძო
არბიტრაჟის ინსტიტუტი;
• ქვეყნის ყველა მოქალაქე ვაქციოთ მესაკუთრედ და ამით რეალური შანსი მივცეთ
იქონიონ სტაბილური შემოსავალი;
• ხარჯვაზე ორიენტირებული მთავრობა ვაქციოთ განვითარებაზე ორიენტირებულ
მთავრობად;
• ეკონომიკური ზრდის კვალობაზე შევამციროთ გადასახადების ოდენობა;
• დაბალანსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკით შევებრძოლოთ ფასების
ზრდას; შევქმნათ სტაბილიზაციის ფონდი, როგორც ქვეყანაში შექმნილი მძიმე
ინფლაციური მდგომარეობდან გამოსვლის ეფექტური საშუალება;
• შევინარჩუნოთ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტი – მონეტარული პოლიტიკა და შევაჩეროთ ყოველგვარი
ექსპერიმენტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის
გაუქმებას;
• დარგების მიხედვით შევქმნათ ხელშეწყობის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს
ეკონომიკის სამინისტროს მიერ სუბსიდიების გამოყოფას იმ საწარმოებისთვის,
რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ;
• საგადასახადო ადმინისტრირებიდან გადავიდეთ საგადასახადო ინსპექტირებაზე;
• პროდუქციის ხარისხის სტანდარტის შემოღებით შევებრძოლოთ უხარისხო
იმპორტულ პროდუქციას და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების
განვითარებას. საექსპორტო პროდუქციის დაზღვევა მოვახდინოთ სახელმწიფოს
მიერ;
• განვახორციელოთ „ბიზნეს-ინკუბატორის“ პროგრამა – უფასოდ ბიზნესის სწავლება
და კონსულტაციები ყველა მსურველისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში
საქართველოს ყველა რაიონში გაიხსნება ბიზნესის სწავლების ცენტრები, რითაც
ყველა მოქალაქეს ეძლევა შანსი, გახდეს ბიზნესმენი. ამ პროგრამის
განხორციელების შედეგად საქართველოს მოსახლეობის 20% გახდება მცირე და
საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს 80% შრომისუნარიან
დასაქმებულს;
• სახელმწიფომ, საგარეო ვალების მომსახურებასთან ერთად, დაიწყოს შიდა ვალების
მომსახურებაც;
• უზრუნველვყოთ სტატისტიკის დეპარტამენტის, როგორც დამოუკიდებელი
ინსტიტუტის ფუნქციონირება.
უზრუნველვყოთ მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბება
• ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა ავაგოთ მსოფლიოში და რეგიონში არსებული
რეალობების გათვალისწინებით;
• გავატაროთ აქტიური ენერგოდაზოგვის სახელმწიფო პოლიტიკა;
• ადგილობრივ რესურსებზე და განახლებად ენერგიაზე ორიენტირებული
ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებით და რეგიონული სპეციფიკის
გათვალისწინებით უზრუნველვყოთ მოსახლეობის ენერგომომარაგება.
გადავარჩინოთ ქართული სოფელი
• ყველა სოფელს განესაზღვროს თავისი ტერიტორია, მათ შორის სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული მიწა, ტყე, მდინარე, საძოვრები, წყალი, იჯარით გაცემული
ქონების საფასური მიეცეს სოფელს;
• გაიცეს მიკროსესხები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სოფლად მცხოვრებ ყველა
ოჯახზე, რომლის პროცენტის ნაწილს დაფარავს სახელმწიფო;
• ყველა თემში სახელმწიფოს ხარჯზე შეიქმნას თემის საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკები (მანქანა-ტრაქტორთა სადგურები);
• გლეხები 5 ჰექტრამდე ოდენობის მიწის ნაკვეთზე გათავისუფლდნენ სარწყავი
წყლის გადასახადისგან და აღდგეს ჰიდროსამელიორაციო სისტემები;
• 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლდნენ სოფლის
ტერიტორიაზე შექმნილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი
საწარმოები;
• ყველა თემს მოემსახუროს აგრონომი და ვეტერინარი;
• სახელმწიფომ უზრუნველყოს შინაური ცხოველების უფასო აცრები და გასცეს
სოფლის მოსახლეობაზე კომპენსაციები მასობრივი ეპიდემიების შედეგად
დაღუპულ ფრინველზე, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე;
• ყველა სოფელს ჰქონდეს თავისი სკოლა, ყავდეს თავისი ექიმი;
• დაწესდეს ჯილდო მთის შენარჩუნებისთვის მაღალ მთაში მცხოვრებ თითოეულ
კომლზე თვეში 100 ლარის ოდენობით;
• მაღალმთიან რეგიონებში ყოველ ახლადშექმნილ ოჯახს საჩუქრის სახით მიეცეს
10000 ლარი ახალი სახლის ასაშენებლად, შესაძენად ან 5000 ლარი – აღსადგენად, ან
მეურნეობის შესაქმნელად, იმ პირობით, რომ 10 წელი ოჯახმა ამ სახლში უწყვეტად
უნდა იცხოვროს;
• საქართველოში ვაზის გადარჩენის მიზნით მოვახდინოთ სახელმწიფოს მხრიდან
სუბსიდირება და გასაღების ახალი ბაზრის მოძიებამდე მოყვანილი ყურძნის
მოსავლის გადამუშავებით უზრუნველვყოთ სპირტის და საკონიაკე მასალის
სახელმწიფო მარაგის შექმნა;
• სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად გაკონტროლდეს შხამქიმიკატების ხარისხი;
• ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებული მეცხოველეობის განვითარებას
მთაში.
გადავარჩინოთ კულტურა, განათლება და მეცნიერება
კულტურის განვითარება ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების უმთავრესი
საფუძველია. კულტურის გარეშე ერი სულიერად მოკვდება. საქართველო ხელოვნების
დარგების, მათ შორის, თანამედროვე ხელოვნების, განვითარების მაღალი
სტანდარტით კულტურული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ჩემი
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში:
• შემუშავდება კანონი ქველმოქმედების შესახებ, კანონის თანახმად დაწესდება
შეღავათები, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესის წარმომადგენლებს
სერიოზული ინვესტიციები მიმართონ განათლებაში, კულტურასა და სპორტში;
• საქართველოში მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის
განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები ეტაპობრივად, 2-3
წელიწადში გაუტოლდება ევროპულ სტანდარტებს;
• შევიმუშავებთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროგრამას,
რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ფუნდამენტური და გამოყენებითი
გამოკვლევების ძირითადი პრიორიტეტები; გამოყენებით მეცნიერებასთან ერთად
სახელმწიფო დააფინანსებს ფუნდამენტურ კვლევებსაც;
• საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აღდგება, როგორც სამეცნიერო-
კვლევითი ინსტიტუტების ერთიანი სისტემა, მეცნიერებათა აკადემიას და მის
სისტემაში შემავალ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს დაუბრუნდებათ ქონება,
მათი დაფინანსება მოხდება ბიუჯეტიდან როგორც საბაზისო, ისე საგრანტო
დაფინანსების გზით. მეცნიერთა შრომის ანაზღაურება იქნება არანაკლები
სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურებისა;
სამეცნიერო-კვლევით ინხტიტუტებს კვლავ დაეკისრებათ სამეცნიერო კადრების
მომზადების ფუნქცია;
• ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლების, საქართველოში მეცნიერების
ორგანიზების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ ქვეყნის
საკანონმდებლო ბაზა რადიკალურად შეიცვლება, ახალი კანონმდებლობის
ამოქმედებამდე აუცილებლობის მიხედვით ცალკეულ სფეროებში გამოცხადდება
გარდამავალი პერიოდი;
• არსებითად გადამუშავდება სასწავლო პროგრამები და საშუალო სკოლას
დაუბრუნდება ფუნდამენტური ცოდნით შეიარაღებული, აზროვნების მაღალი
კულტურის მქონე ახალგაზრდობის აღზრდის ფუნქცია, მოსწავლის აკადემიური
მოსწრება და დისციპლინა გათვალისწინებულ იქნება აბიტურიენტთა უმაღლეს
სასწავლებლებში ჩარიცხვის დროს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული
ქულები იქნება საფუძველი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისთვის, მაგრამ
ამავდროულად, მათ ექნებათ უფლება იქონიონ საკუთარი კრიტერიუმები;
უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია სრულად იქნება გარანტირებული;
• სკოლის პედაგოგების მინიმალურ ხელფასს გავზრდით 350 ლარამდე შემდეგი
ეტაპობრივი ზრდის გათვალისწინებით;
• საშუალო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებიდან არიან,
სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველვყოფთ სახელმძღვანელოებით;
• სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების სამივე საფეხური
დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ყოველწლიურად 5000 გამორჩეულ სტუდენტს
სახელმწიფო დაუნიშნავს 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას;
• უფასოდ უზრუნველყოფილი იქნება სახელობო და პროფესიული განათლების
მიღება;
• თითოეული სტუდენტის დაფინანსება ნაცვლად დღევანდელი 1500 ლარისა,
გაიზრდება 3000 ლარამდე. შესაბამისად, გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების
პროფესორ-მასწავლებლების ხელფასიც;
• შეიქმნება უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ფონდი, რომელიც გასცემს
გრანტებს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების
პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, ყოველწლიურად
უცხოეთში განათლების მისაღებად გაიგზავნება 500 საუკეთესო სტუდენტი;
• ხელს შევუწყობთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის
ეფექტურ წარმართვას; აღვადგენთ სპორტის აკადემიას და პროფესიულ სასპორტო
განათლებას საქართველოში.
უზრუნველვყოთ საზოგადოების ყველა ფენისა და თაობის სოციალური
დაცულობა
ხელისუფლებამ მთელი თაობები „ჩარეცხილად“ გამოაცხადა და გარიყა
საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში მივაღწევთ,
რომ:
• აღვადგინოთ თაობათა შორის ბუნებრივი კავშირი და უფროსი თაობის
პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და გამოცდილება დავაბრუნოთ ქვეყნის
სამსახურში;
• სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თანამდებობების პირებზე (მინისტრები,
ყველა დონის მოსამართლეები) შემოვიღოთ ქვედა ასაკობრივი ზღვარი;
• შემოვიღოთ საპენსიო სისტემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით;
• დასაქმებულები და თვითდასაქმებულები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი
არ აღემატება 200 ლარს გავათავისუფლოთ საშემოსავლო გადასახადისაგან;
• საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, დაახლოებით 40-45%-ის ფარგლებში
მივმართოთ მოსახლეობის ნებაყოფლობითი საპენსიო უზრუნველყოფისა და
სამედიცინო დაზღვევის დაფინანსებაზე;
• სახელმწიფომ უზრუნველყოს 65 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქის უფასო
მკურნალობა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის გზით;
• დავიცვათ საქართველოს შრომითი ბაზარი უკანონო მიგრანტების მოძალებისაგან;
შევზღუდოთ შრომითი მიგრაცია და არ გაიცეს უცხოელებზე (მაგალითად
ჩინელებზე) ვიზები შრომითი საქმიანობის უფლებით;
• ხელისუფლებამ უზრუნველყოს გაზის, დენის, წყლის, ტელეფონის სწორი და
სამართლიანი ტარიფების დადგენა;
• სახელმწიფომ შიდა ვალში აიღოს მეანაბრეთა მიმართ ფინანსური ვალდებულება
და მოხდეს მისი ეტაპობრივი დაფარვა სხვადასხვა მსხვილ საწარმოში
სახელმწიფოს კუთვნილი აქციების წილის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის გზით;
• უზრუნველვყოთ თანაბარი პირობების შექმნა საზოგადოებაში შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების ადაპტაციის და სოციალური
ინტეგრაციისთვის;
• დაფასებული და სოციალურად დაცული იქნება საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ომებში დაღუპულთა და მონაწილეთა ოჯახები, მეორე
მსოფლიო ომის ვეტერანები.
უზრუნველვყოთ ჯანდაცვის სისტემის ორგანიზება თანამედროვე
მოთხოვნების შესაბამისად
• უახლოეს წლებში მოსახლეობის 80% მოიცვას კერძო და სახელმწიფო სამედიცინო
დაზღვევამ;
• მოვახდინოთ დიპლომამდელი, დიპლომსშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო
განთლების დემონოპოლიზაცია;
• გადახედილ იქნას ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებული ნაჩქარევი
პრივატიზაცია;
• ექიმთა და სამედიცინო დარგის მუშაკთა ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიყვანოთ
მათ მიერ გაწეულ შრომასთან;
• ექიმის პროფესიას დავუბრუნოთ შესაბამისი ავტორიტეტი;
• გავაძლიეროთ დარგობრივი ასოციაციების როლი ექიმთა უწყვეტი განათლების
განხორციელებაში, აგრეთვე პაციენტთა საჩივრების განხილვის პროცესში,
სახელმწიფომ შემოიღოს ექიმთა პროფესიული და სამედიცინო დაწესებულებების
პასუხისმგებლობის საყოველთაო დაზღვევა.
ვაქციოთ საქართველო დემოგრაფიულად მომაკვდავი ქვეყნიდან მზარდი
მოსახლეობის ქვეყნად
• მთელ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მშობიარობის 100%-იანი
დაფინანსება;
• ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცემა 500 ლარი;
• ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა, დღეს არსებული 4
თვიდან გაიზრდება 1 წლამდე;
• დეკრეტული შვებულების დროს დედას შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი;
• გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის მატებას უზრუნველყოფს მხოლოდ მე-3
და შემდგომი შვილი, სახელმწიფო დააწესებს ყოველთვიურ დახმარებას 14 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის: მე-3 შვილზე გაიცემა 300 ლარი ყოველთვიურად, ხოლო
ყოველ შემდეგ ბავშვზე დაემატება 100 ლარი ანუ 4 შვილზე გაიცემა – 400 ლარის
დახმარება; 5 შვილზე – 500 ლარის, 6 შვილზე – 600 ლარის და ა.შ.
• 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინანსდება
სახელმწიფოს მიერ;
• შეიქმნება ბაგა-ბაღების თანამედროვე სისტემა, რისთვისაც:
– აიკრძალება ბაგა-ბაღების შენობების გასხვისება-პრივატიზაცია;
– დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
– ბაგა-ბაღის აღსაზრდელ თითოეულ ბავშვზე მშობელს მიეცემა დამატებით 50-
ლარიანი ვაუჩერი;
• აღნიშნული დემოგრაფიული პროგრამა უნდა განხორციელდეს ისეთი მორალური
და ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ, როგორიცაა საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია.
ღვთის რწმენით ვაშენოთ საქართველო
• მოხდება მართლამდიდებელი ეკლესიისთვის ბოლშევიზმის მიერ მიყენებული
ზარალის კომპენსაცია, რისთვისაც, ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში
პირველსავე წელს გამოიყოფა 33 მილიონი ლარი ანუ ყოველ ეპარქიაზე 1 მილიონი
ლარი;
• ეკლესიასთან ერთად განხორციელდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, მათ
შორის დემოგრაფიული და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო
პროგრამები;
• მსოფლიოს იმ ქალაქებში, სადაც თავმოყრილია ემიგრაციაში წასული ჩვენი
თანამოქალაქეების დიდი რაოდენობა, დაარსდება ქართული მართლმადიდებელი
ეკლესიები.
ჩვენი პროგრამის მიზანია არა ფასადური ცვლილებები და მოჩვენებითი
კეთილდღეობა, არამედ მდიდარი, დინამიურად განვითარებადი,
მშვიდობიანი, უსაფრთხო სახელმწიფოს აშენება, სადაც მთავარი
ღირებულებაა – ადამიანი.
ნუ დავუკარგავთ საქართველოს ამ შანსს!
გვჯერა, რომ ერთად მივაღწევთ მიზანს, რადგან
ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა!!!
