პოეზია · ლირიკა
ნედლეულის შემგროვებლები
აუცილებლად უნდა ადგე დილაადრიან,რომ მზეს აასწრო, შენზე მეტად ჭორფლიან გოგოს.წვიმის წყლით პირი დაიბანო,წყაროს წყლით შენზე პატარა კოკა უნდა დაორთქლო,გადაიკიდო მხარზე აბგა,აბგაში - დანა,მჭადის კვერი,ყველის ნატეხი.ხელში - მამის დაკროლილი, ლამაზი ჯოხი.სარკეშიც უნდა ჩაიხედო,გოგო ხარ, თავი მიაჩვიე, რომ ყოველ დილით, სანამ გახვალ,სარკეს შეხედო და გაიფიქრო:გამხდარ ღეროზე მოქანავე ორკიკინა, მინდვრის ყვავილიისე კარგია, ისე ლამაზი...ოკრო-ბოკრო თეთრი კბილებიისე კარგია, ისე ლამაზი...გაუცინე და გაამხნევე შენი თავი, გამოგადგება.
...გახვალ ეზოში.ღობის იქით გელოდებიან ნედლეულის შემგროვებლები:ისინიც სწორედ შენნაირები - გამხდარ ღეროზე მოქანავე ყვავილები,ოკრო-ბოკრო თეთრი კბილებით.თქვენზე ცელქ ბილიკს მიუყვებით და მიიმღერითნედლეულის შემგროვებლების მხიარულ მარშს.
...ტყე სიმშვიდეში გაყურსულა.ისე ჩუმია, სოკოს ამოსვლის ხმაც კი ისმის მიწის გულიდან.აცლით კონუსებს ნაძვის მერქანს(თითქოს ბჟუტავს მიმქრალი ჭრაქი) -ბედნიერების ნედლეულიადა აგროვებთ თხილის ფოთლებზე.დგას წიწვის სუნი,უფრო სწორად,რუებივით მოწანწკარებს ნაძვებიდან და ფიჭვებიდან.
დაიმახსოვრე, ეს ჰაერი დაიმახსოვრე!გამხდარ კისერზე ბამბის ძაფით ჩამოიკიდედა თან ატარე, როგორც ჟანგბადის მწვანე ბალიში.
...თხილის ფოთლიდან - თუნუქის ქვაბში,ცეცხლი - ნელია.კონუსები რომ გალღვებიან,გადაკეცავ ორპირად მარლასდა ამ მადანს ჩააწურავ თბილწყლიან თასში.აიღე მერე, ორხელსშუა მოიქციე,გაწელე, როგორც წიკო-წიკო - ციდა გარმონი.ნახე, რა ხმა აქვს!ჩიტების და ხმელი გირჩების,ტყის და წიწვების,ცვრის და წიწვების,მთის და წიწვების...გაიჭვრიტე ოქროსფერი გარმონის იქით.
დაიმახსოვრე, ეს წუთები დაიმახსოვრე!ნაძვის კევივით, რა ადვილად მზადდებოდა ბედნიერებაშემადგენლობით:მზის ნაკუწი, წიწვების გემო,გამჭვირვალე ჰაერის წვეთი, მხიარული მარშის ნოტები...და ჯანდაბა!ხომ შეიძლება ახლაც იყო ასე მარტივად ბედნიერი,ასე მარტივად...იყავი!