↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესაფლავე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-186 წთ საკითხავი106522 ნახვა

—
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,და შეწყვიტე თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი,
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!განა გუშინ არ იყო , რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმაცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები, სცვივა, სცვივა...სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
"გავქრე ისე როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,თუ როდესმე არ მახსოვდე, თუ როდესმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,იმ წუთშივე მისის ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს
თვალთგან ცრემლთა მდუღარება.ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,არ ათბობდეს ჩემ სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,თუ როდესმე არ მახსოვდე, თუ როდესმე დაგივიწყო!"მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილიდა სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება ვით აჩრდილი,ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,არ სცილდება სასაპლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!მესაფლავე, ეხლაც იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებლიედ მოჰკრა თვალი;გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;უძიროა კაცის სევდა, უზიროა კაცის გული,რას არ ითბენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული:, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.ალბათ, ვაჟკაცს ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,რომლის ძალით ორი გული სამუდამოთ შეერთდება...ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,ფიცს არ სტეხენ...ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდიდა მწუხარედ ჩასჩურჩულა: "შემიყვარდი, შემიყვარდი.ჩვენ ერთი გავქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.დაივიწყე ის წარსული, სატირალი, სავალალო,და ახალი შევქმნად ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო" !დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა, არა...განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,მორცხვად თავს ხრის და ჩურცულებს:"თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე სადაცა გსურს"...მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...სამუდამოდ ასამარებს კაცთა მოდგმას საფლავის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებსდა მოსვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდებადა ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...სჭედს დარაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...განისვენეთ, განისვენეთ, დავიქყებულ არსთა ძვლებო,თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი