პოეზია · ლირიკა
ელვათა ცეცხლში იჭედებოდა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მე გამოვაბი ჩემს ვენახს ცხენი,ბევრი დავთელე გზები ტრიალი,მე თავს მიხრიდნენ ქართლის ციხენი,მატიანეში ნახეტიალნი.მესალმებოდნენ მწვანე წნორები,სამამულე რქას ცრემლი სდიოდა,მე ხელს მიქნევდნენ ჩემი სწორები,სუფრა გაშლილი ჰქონდათ იორთან.მამათა სახლის ნაცარის სითბო,რაც ვინაჩუქრე, სულში ღვიოდა;თითქოს იმ ყრმობის სუმბულის სიტკბოსნაზი სურნელი მე მომდიოდა.და რას ეძებდა სული მღვიძარი,რატომ მტკიოდა გულის ფიცარი?თითქოს ვაზებმაც ფეხი აიდგეს,დამდევნებოდნენ უკან მტევნებით...სად მივდიოდი, ვისკენ, საითკენ,რა მქონდა გულში დაუტევნელი?ჩამოვიშორე აკი მიჯნური,მისი სიტკბო და მისი სიავეც,ჩემი გულიდან გამონიჩბულიცრემლების ხვავიც გავანიავე,―დიდ ნანგრევების ჩამონაფშვენინაცარი აკი თავს დავიყარე;და სამშობლოში, რაიც კი შვენისმშვენიერებით, ხომ შევიყვარე!ელვით მოსილი მთის მწვერვალები,მაშ, რას მეძახდნენ, რას მიმღეროდნენ?და მეგობართა ხმა მღელვარებითრად ადიოდა არწივთ ჩერომდე?იქნებ ძველ სევდას ვეთხოვებოდი,იქნებ სამშობლოს ჩემი გულნებით?არ ვიცი, არა, რით ვიწვებოდი,და რა წყურვილის ვიყავ მწყურნები?მხოლოდ ვხედავდი,სივრცეში, იქით,ელვათა ცეცხლში იჭედებოდაის გზა სავალი,იგი ბილიკი...და ქარიშხალი ყალხზე დგებოდა...