პოეზია · ლირიკა
საქართველოში
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ორი სონეტი საქართველოსIერთხელ გამკობდა მეუფე და ბედის მჭედელი,რაინდ-მებაღეს გამშვენებდა ოქრო რჩეული,სისხლით შეჰღებე შენი სტავრა და ფარჩეული,ცრემლი გდენია სევდის ჯამში დაუწყვედელი...
მზესთან აჰზიდე მარმარილოს ტაძრის კედელი.მარტო დასდექი სილამაზის წმინდა მკობელი;წარსთქვი ლოცვები სხვებისათვის მიუთხრობელიდა შემოივლე ცეცხლის ალი დაუშრეტელი...
ჩაჩქან მუზარადს დასჩნევია ჟანგი ჟამისა,თეთრი გვირგვინი უცხოელმა შეგიღამისა -საკურთხეველსაც შემოსძარცვა მან მეწამული...
ზღვად ობოლს ხომალდს მივამსგავსე ჩემი მამული;როგორ მაჟღერებს საქართველოს ნაზი ნაღველი;ო, ჩანგის ნაცვლად მეპყრას შუბი პირ-გამახული!..
საქართველოში
IIლურჯ ღრუბელივით დამადარდე შენი მხედარი.როს შენს კალთაში დავინახე მჭკნარი მანდარი -შეშლილ ქალივით აგვატირებს ჩვენ საზანდარი -ორივ ჩვენივე უმზეობის მოწამედ არი...
მე ღრუბლებში ვთვლემ - ელვასავით შესახედარი:წუთს ველოდები - როს აგვირგვინდეს ჩემი ძახილი,შურის ძიებამ გაამტვეროს მტრის მურდახილი,ოქროს ზარნიშით მოგვიქსოვოს დილა ნეტარი...
ამღერდა სისხლი... და დაათრო სული და გული,თუ მზე მომპარეთ - გამინათებს ბნელში ფრანგული,წკრიალა ხანჯლებს გვიელვარებს შოთას ოცნება...
არწივის ფრთებით დამიბრუნეთ გვირგვინოსნება!მინდა ბისონზედ აციგლიგდეს ალმასის ღილი.და ჩემს გუმბათებს შეეფინოს სხივთა ჟინჟღილი!..
1917