↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკაკის გარდაცვალების გამო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-133 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
საქართველოვ, რა გაწუხებს, გული რისთვის გტკივა?რისთვის კვნესი ასე მწარედ, ცრემლი რისთვის გცვივა?ცეცხლი ერთხელ ანთებული ცეცხლად ისევ ღვივა,ვერ ჩააქრობს მხურვალე ალს ნისლი ფრთატივტივა,საუკუნეთ ღვიძლი შვილი ისე როდი კვდება,და ვალმოხდილ ჩვენს წინაპრებს როდი უერთდება,ძალი, ღონე თვის სიყვარულს თუ არ მოახმარა,საქართველოვ, მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!
მზის სხივებით განათბობი, ვარდი როდი ჭკნება,თუ თანდათან ახლოვდება გაზაფხულის გრძნება.იადონი როცა ყვავილს ნანას ეუბნება,როდი ახსოვს სიცოცხლისა და სიკვდილის მცნება!ნეტავი მას, ვინაც იცის ქვეყნის ზნე და ფასი,მწარედ აღარ ეჩვენება მას სიცოცხლის თასი.და იგი კი, ვინც ყოფნისთვის შვების ცრემლი ღვარა,უკვდავია... და აკაკიც არ მომკვდარა, არა!
კიდით კიდე საქართველო შესძრა, დაიარა,რომ გაეგო მისი გულის წყლული და იარა.ის ეწამა და ღვთიური ცეცხლით ეზიარა,და სამშობლოს სახე იყო მისი თმა - ჭაღარა.დიდხანს, დიდხანს არემარეს თავზე ადგა მცველადდა მღეროდა ისე გრძნობით, ისე გულდამწველად,რომ სამშობლომ მისი ლანდი მტკიცედ შეიყვარა,შეიყვარა და აკაკიც არ მოკვდება, არა!
სიყვარული ველ-მინდვრების და ქვითინი მთისა,თავის უცხო და უსაზღვრო გულით შეითვისა,მას ესმოდა ცის დუმილი და შრიალი ტყისა,მან იცოდა მშობლიური წყაროს ხმა-კისკისა,
და არსება მისი მთელი, მისი სული წმიდაბუნებათა ზღვა-სივრცეში ჰანგად გადავიდა,გადაეწნა მდუმარებას და თვალს მიეფარა,დაიფარა, მარა მაინც არ მომკვდარა, არა!
ნეტავი მას, ცხოვრების გზას ვინც გაივლის ასე,ძეგლად შექმნის მის სამარეს სხივთა სიკისკასე,მის საფლავზე ყვავილები გაიშლება წყნარი,და ბინდბუნდზე ნაზი ქროლვით შესძრავს ნიავ-ქარი.გადააფრქვევს ყვავილების სურნელს დამატკბობელსდა ჩასძახებს: სასურველო, ცრემლს ნუ აფრქვევ, კმარა,შენი ყოფნის სიამაყე არ მომკვდარა, არა!
გადაივლის საუკუნეთ რგოლი, სუბუქ-მქროლი,მარა ისევ იელვარებს ცის ლაჟვარდი ბროლი;და იქ ხელი იდუმალი, ვარსკვლავების სახით,დასწერს სიტყვებს ამოქარგულს ვარდით და ზამბახით:საქართველოს ჰყავდა და ჰყავს საამაყო შვილი,დათრგუნა და შეაჩვენა თვით საფლავის ჩრდილი,და უცვლელი უკვდავება ირგვლივ დაამყარა...საქართველოვ! მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!
მის საფლავზე მძლავრი ნაძვი ტოტებს ჩამოაფენს,უკვდავების და ცის ნანას ეტყვის მიდამოებს,და მის ჩრდილ ქვეშ, იქ ყოველდღე საოცნებოდ მოვაახალგაზრდა და სევდიან მომღერალთა გროვა.მოიგონებს მოხუც მგოსანს საუბარი წყნარი,აკვნესდება, ატირდება, აღელდება ქნარი,და მიდამოს მოევლება ხმები წარამარა,ჩვენი ყოფნის სიამაყე სცოცხლობს, არ მომკვდარა!..
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი