↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საყურე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2009-09-131 წთ საკითხავი19197 ნახვა

—
(„ჰოჲ, საყურეო...“ნ. ბარათაშვილი)
ნეტამც რისათვის,
ნეტამც რისათვის
იყო სასტიკი და უმადური! –
საყურისათვის,
საყურისათვის,
ნემსით დაჩხვლიტეს
ყური ვარდული!
როგორ გაბედეს,
ვინ არ დაინდო?
ვინ გაიმეტა
და არ ინანა?
მაგრამ ალმასად
ცვარი აინთო,
საყურის თვალში
ჩაჯდა სხივნარა.
პოეტის ცრემლო,
ეგებ, შენ იყავ,
მდუღარებაში ქცეულო
ცეცხლად:
მაშ, უკვდავება
შენი გამიყავ,
რაც ოქროდ სჭედე,
რაც დაგივერცხლავ!
ეგებ შენ იყავ
გულის ნამწვავო.
მიცვლილ ოცნების
ანაპერწკლებით,
იქნება უნდათ,
რომ გამამწარონ,
არ მომცენ სხივნი,
მომცენ ეკლები?
იქნებ ასეა,
იქნებ, ვიცი მე
სიყვარულიც და
ძველი მტერობაც,
ვიცი, რად ბრწყინავს,
თუ რად ციმციმებს
საყურის
ნაზი უდარდელობა!
შენ გამინათე
სევდის ნისლები,
შენი ნათელი გადამახურე,
ვიდრე სიმღერით
არ დავიცლები,
და სიყვარულით... –
ჰოი საყურე!
1938
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი