პოეზია · ლირიკა
სონეტი 35 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
ნურას ინაღვლებ, თუ შენს წარსულს აუგი გასდევს,მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება,ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს, ვერც წყარო – ხავსებს,კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.
ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი,ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია.ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენიდა დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!
შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ,მაგრამ გიყურებ ბრალმდებელის მდუმარე წყრომითდა ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობსიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.შენ ჩემი ძარცვით დაიმკვიდრე ქვეყნად სახელიდა მეც გამხადე ჩემივ ძარცვის თანამზრახველი.