↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფსალმუნი - 2000

ჩხეტიანი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი4960 ნახვა

—
იესო, უფალო ჩვენო,
იარე შენ თავშიშველმა და ფეხშიშველმა,
ხოლო ჩვენ
თავს დავირქმევთ გვირგვინებს ძვირფასს,
ხელთ ვიპყრობთ კვერთხთ მოოქროვილთ
და ვივლით ქვეყნად კომფორტული ლიმუზინებით.
იესო, უფალო ჩვენო,
განვედ უდაბნოდ,
იმარხულე და იმარტვილე შენ ქვათა შორის,
ხოლო ჩვენ
ვიქადაგებთ მოდერნიზებულ ტაძრებში
და ვისარგებლებთ მრავალი სიკეთით
დროისა და ცივილიზაციის.
იესო, უფალო ჩვენო,
ჯვარს ეცვი ჩვენთვის.
დაე, ჰგვემონ შენი სხეული,
რომ ჩვენ გადავრჩეთ
და კვლავ ვათრიოთ გვამნი ჩვენნი პატივმოსილნი
და ვმწყემსოთ მრევლი შენი სახელით.
იესო, უფალო ჩვენო...
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი