პოეზია · ლირიკა
მოგცლიათ, ერთი!
საქმეს შევყევით,როგორც ყოველთვის.სინათლის ზვირთებს რომ შევყოლოდითლურჯ ქვაბულებში მიმოქცევისას,გაგიჟდებოდა ჩვენი ქმარ-შვილი;ან სად გვცალია, მარგალიტი ვეძიოთ ფსკერზე?!ჩვენი სამყოფი ჭრელი კენჭებიიმდენი გვაქვს...ბავშვებს ხშირად მუჭებით ვაძლევთ,რომ ითამაშონ და ტირილით არ გაგვაბეზრონ.კოჭის თავამდე გვწვდება ბოსტანშიც მწიფე მარჯანი.თევზის ფარას და ჩიტების გუნდსაც ყრმები მწყემსავენ,ჩვენ სად გვცალია სამაგისოდ,მოგცლიათ, ერთი!საქმეს შევყევით, ჩვეულებრივად, გამთენიისას,დედამიწა ჭრიალით რომ შემოტრიალდაჩვენი დაღლილი ხერხემლის ღერძზე,რომ მის პრიალა სარკეებში მზეს ჩაეხედადა ეკითხა:“არისო, ვინმე, ჩემზე ლამაზი?”,საქმეს შევყევითდა ჩვენთვის ჩუმად ჩავილუღლუღეთ:“მოგცლიათ, ერთი!”… თან გახეხილი ქვაბის პირზეშევავლეთ თვალი საკუთარი სახის ანარეკლს,თმა ნაჩქარევად ჩამოვიწენითდა მათრახივით გადავუჭირეთთეთრ მთვარეს, შორს რომ გაქცეულიყო,და მის მოსვლამდე მეტი საქმე მოგვესწრო ქალებს.არც ვარსკვლავების კაფსულებშიჩატენილი სიზმრებისთვის არა გვცალია,ეგ აბები არასოდეს გვიყლაპია სავსემთვარისას,უსაქმურებმა იმკითხაონ ვარსკვლავის ფეტვზე,ერთადერთი სიზმრის ფურცელიც,კაბის ჯიბეში გადანახული,გვყოფნის დასტურად, რომ ის ვიხილეთ.ისევ ის დღეა,პირველად რომ იყო, ისაა.არ შემეშლება,ზეპირად ვიცი, მკვდარიც ვიცნობ, მოვიდა ისევ…საქმეს შევყევით:ვკემსეთ, ვფერთხეთ, ვხარშეთ, ვალაგეთ,ვამზეურეთ და ვანიავეთ მთელი სამყარო,ვაცხვეთ იმედის და ბედის კვერი,შევფუთეთ და ბალიშის ქვეშ ამოვდეთ, რომმზად გვქონოდა თავისმართლებადსტუმრისა თუ მასპინძლისათვის.მისი სურნელი მარმაშივით მოვლებია დაგვილ ეზო-კარს,ზედ ჩამომსხდარან პეპლები და ოქროს ფუტკრები,თეთრი მერცხლებიც შევიკედლეთ სხვენში გუნდებად,ღრმა ჭიდან წყალიც ამოვიღეთ იმაზე მეტი,ვიდრე დოქი დაიტევდა, მგზავრი დალევდა,ვიდრე ფქვილი შეიზელდაან ყვავილის ფესვი შესვამდა.და როცა ისევ გაიჭრიალებს დედამიწა,ძროხასავით მიაბღავლებს ჰორიზონტის კარს,იმ ბალიშზე მივდებთ ხოლმე, დაღლილი, თავებს,რომლის ქვეშაც კვერისტკბილი სურნელია ჩაგუბებული.დაგვესიზმრება ცხელი უდაბნო,ბაობაბებზე კონწიალა ფეხშიშველი ქარები დასიზმრებიდან გამოპარული ციცინათელა.ნეტავი, სადმე, იმ ცხელ ქვიშაში ჩამადებინაეს დაღლილი ტერფები ახლა…ღამეებიც სავსე გვაქვს ფიქრით,ვერაფრით რომ დატეულანჩვენს ტოტებზე, ფრინველებით სავსე ტოტებზეისე ვთვლემთ, თითქოსძილშიც სადღაც უნდა გავფრინდეთ,სამყაროს იქით,საითკენაც ჩვენი ბედის კვერი მიგორავს,სადაც მიგველის ბედნიერება.…დილაადრიან ისევ საქმეს შევყვებით ხოლმედა ვიტყვით ასე: ”მოგცლიათ, ერთი!”,გუნდ-გუნდად რომ ჩამოივლიანმომლოცველები როჭიკობისას,თან მადიანად ილუკმებიან ჩვენს ნაწყალობევს…“ნეტაი მაგათ, ეს ბორბლის ღერძი მაინც გაპოხონ,რა მძიმედ და ჭრიალით ბრუნავს,ასე როდის უნდა ჩავიდეთ”და თავად ვიწყებ ძველ კარდალაში საცხის დუღებასბავშვები კი ჭრელი კენჭებითსათამაშო გოდოლს აგებენდა ეჩვენებათ,რომ ჰა, და მისწვდნენ საცაა ზეცას!ნეტაი თქვენ, მოგცლიათ, ერთი!…