პოეზია · ლირიკა
მოცოცავს
მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული,ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.
აბასთუმანში ახლა ზამთარია,თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი,აპრილი _ ნორჩი მხატვარია,ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.
მაინც იხატება ქვეყნის კონტურები,მწვანე აბლაბუდა იბლანდება...აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები _ქვეყანა ახლად იბადება...
ღამით ბუტბუტებენ ბნელში ვიღაცები,`ჩუ-ჩუო!~ _ ერთმანეთს აჩუმებენ;მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები,ეგ თურმე _ კვირტები ფაჩუნობენ...
დილით კი სარკმელში ოქროს ნაწნავია _სენაკს მოაშურეს ნაცნობს,გაზაფხული _ ჩემი წაწალია,ვაიმე, რარიგად წაწლობს!
მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული,ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი!