რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,ჩუმი შრიალი საიდან არი?ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს:მაინც მწვერვალებს ედება ქარი.
დუმილი გახდა ვიწრო გალია,დაუძინარი და უჩინარი,მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,მარად და მარად ტყდება ჩინარი.
როგორც ჩინარი - ისე პოეტი,მისთვის სიმაღლე არის წამება,არა ღიმილით და ალოეთიდაჰფარავს მტერთა ცილისწამება.
ის - მაღალია, დიდია მაინც!მისთვის მოისმის ზარების ზარი:ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,მაინც მწვერვალებს ედება ქარი.
პოეტს მაისის სიზმრების ხილვითესარკებოდა პარიზის რკალი,მაგრამ უეცრად ქარტეხილივითმის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.
დემონიური არევ-დარევითყოველი მხრიდან ავარდა ალი.სულში დაჰქროდა ქალი ქარივითდა შეშლილივით ჰკიოდა ქალი.
ჰო, ლელიანი მაშინ დაქანდა,ვით მწვერვალიდან მერანი მალი.კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდადა არ ტიროდა არც ერთი ქალი.
ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი,რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.
და პაგანინიც... ორგიის ბადეს...მაესტრო თასით გადაჰკრავს ღვინოს,ესტრადა ნათელ იმედად ბადებსაშლილ ვოლტორნებს და პიანინოს.
ის დანდობილი იღებს ჭიანურსდა სასახლეებს ჰაერში მოდებს,რომ მხარეები შეაჭიანოსდა ლეგენდები შორით ისმოდეს.
არა! არაა იმედი სიმად,ქალნი ლანდობენ თლილი თითებით,სიმებთან ერთად ატირებს იმათთვალების ნაზი ქრიზოლიტებით,
მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს,ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს,არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკესდა უიმედო საპირფარეშოს.
როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.
და ტრიალებენ ბორბლები ჩქარადა, ინთქებიან ორთქლში გვერდებით.ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი,ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?
დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა!ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა,და სასტიკია, როგორც გეენა,მისი სისწრაფის ულმობელობა.
და ახრჩობს თავის ცხელი თითებითმასვე, ვინც იმას სული შთაბერა,მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებითმას მოიგონებს ბედის სხვა წერა.
და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერნისლიან ღამით, ნისლიან ღამით,მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასცადა ის ელოდა წამითი-წამით
ჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად.რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი,გაუშუქებლად დარჩება მარად -ასეთი არის მისი პორტრეტი.
იგი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს,ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი.სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს,ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!
ეშაფოტიდან უყურებს შორს პანსდღემდე თვალების გამხდარი რეტი.ასეთი არის მისი პორტრეტი...ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს...