↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალ წლის ღამეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა...იუნონავ, შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა.დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი,და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.
გეძახოდა ჩემი სული, გეძახოდა ჩემი ვნება...მე მომწყურდა შენთან ერთად ახალი წლის მიგებება,ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე და ავანთე ჩემი ბინა,და მომწყინდა მარტოობა, და უშენოდ მომეწყინა.
კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა, როგორც გველი.სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი,ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს,და ვუცდიდი განახლებას, და ვეძებდი აღდგომის კვალს.
ხომლი მოკვდა, დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი,ცას ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი,შენ არ სჩანდი... დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი,და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.
დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს,ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს...დიდი ხნიდან ბედს მივენდე და იმისი მსხვერპლი ვხდები,და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.
მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე,ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე.სახსნელი გზა კი არსად ჩანს, და ამაოდ ველი მშველელს...და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი