↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალი და ხელოვნება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
ხავერდოვან მინდვრის ბალახს მობიბინე არხევს ქარი,თითქო ალერსს ევედრება და ჩურჩული ისმის წყნარი.
მაგრამ მალე დაღლილ ყვავილს გაშორდება ცელქი ქარი,გაიტაცებს ობოლ ყვავილს სწრაფ უმიზნო ნიაღვარი.
გატაცებულ მგოსნის ჰანგებს გაგიჟებით ისმენს ქალი,თითქო სურს, რომ ამ ჰანგებში გარდაიქმნეს ძილგამკრთალი.
მაგრამ მალე ცელქი ქალი, ვით ყვავილებს თეთრი მტვერი,გაშორდება დაღლილ მგოსანს, მობეზრდება ყველაფერი.
მე მინახავს ყვავილებზე მონავარდე თრთის პეპელა,აშრობს და სცლის ყვავილის გულს, ისე ნაზად, ისე ნელა...
მაგრამ მალე ყვავილის მტვერს კმაყოფილი მოსცილდება,ყვავილი სულს განუტევებს, პეპელა კი პეპლად რჩება!
ასე, მგოსნის წრფელ სიმღერას ქალის ნაზი სევდა ბურავს,სულ ქალი სვამს ამ სიმღერას, სანამ მთლად არ ამოსწურავს.
ამოაშრობს გრძნობიერ გულს, საუკუნოდ მოსცილდება,სიმებს დასწყვეტს საბრალო ქნარს და ქალი კი ქალად რჩება.
დავიღალე მე ამ ამბით... თქვენ, მხატვრებო, თქვენც მგოსნებო,დაგრჩათ კიდევ ქალში რამე სანეტარო, საოცნებო?
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი