პოეზია · ლირიკა
ნუ დააჩოქებ!
ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...
ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდანდა ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.
ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვიადა მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!
ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",დედის რძესავით- ამ სიმღერებს- სულ სხვა მადლი აქვთ.
დღეს თბილისიდან ბათუმამდე ფრენით მიდიან...თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია,ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის:ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,(ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!)ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდადა ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!!