პოეზია · ლირიკა
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა!ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!
ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს;შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს;უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?
თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი;შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი;სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!
მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები;გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები...ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!