პოეზია · ლირიკა
ვეფხისტყაოსანს
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ხელში აგიღებ... გაკოცებ,კიდევ ჩაგკოცნი... ჩაგცქერი;წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ,ჩამოქაფული ჩანჩქერის.
წიგნი კი არა, ― ბაღი ხარ,ოქროს ცვარჩამოწვეთილი;გაშლილი ბაირაღი ხარ,ლექსის ფრთა გაუცვეთელი!
წიგნი კი არა, ― დილა ხარქართველი ხალხის ნათელი.გულის ფესვებში გინახავ,გულში ხარ გამონათალი.
ქაღალდზე გწერენ... სიტყვებისნაცვლად ლალები სხდებიან;გბეჭდვენ ― ნიშნები სტამბურივარდებად აყვავდებიან.
გკითხულობენ და გმღერიანლხენით გულ-დამარცხებული;შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლესსიკვდილი დამარცხებული!
*
უთენებელი ბნელეთისშენ ერთი გვყავდი მთეველი;სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,შენ დაგვრჩი წაურთმეველი!
შენ არ გჭიროდა სახიზრადგამოქვაბულთა წყვდიადი.არწივის ფრთაში ჩასაფრდი,ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.
გწვავდნენ და არ იწვებოდი,ცეცხლში დიდების მხვეჭელი.ვერც ქარიშხალი გფანტავდა,ხეების ამომგლეჯელი.
შენ ხმალის ღარზედ ეწერე,ანდერძი ოქროხმოვანი:”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსასიკვდილი სახელოვანი!”
*
წიგნო, წინ მიუძღვებოდიხალხს უკვდავების ნაღარით;შენ გწერდა დიდი რუსთველი,თავს ოქროგადანაყარი.
შენ გწერდა ცისკრის კამკამი,ხევთა ხმა ზვავის ზრიალი;შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,ტყავს ― ვეფხი თანაზიარი.
შენ გწერდა ქალის წამწამი,ვაჟკაცის მკერდი გმირული,შენ ხალხი გწერდა მხედარი,ბრძოლით გულამოკირული.
შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ.გული არ დაგიძველდება,სიმღერა, დილას ნამღერი,შვიდასი წელი გრძელდება!
აახმაურე სამშობლოკარისკარ ჩამოიარე;ზოგს პურმარილზე შეესწარდა ზოგს უხვევდი იარებს.
მიჯნურს, გულადუღებულსა,სიცოცხლეს დაუელვარებ;ლაშქარს უსარდლებ სარდალი,ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს.
სიყვარულს სიყვარულითა,ძმობით ძმას ეპასუხები,დიდ ჭირში დაგვაფოლადებ,დავდგებით, როგორც მუხები.
*
შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,დიდია შენი სახელი;მთების სიბრტყენი გადასჭერ,სამშობლოს გარეთ გახველი.
შენი სიბრძნე და ოცნებაგულში აქვთ გამოკვანძილი;ჩამოურიგდი ქვეყანას,როგორც დიდი მზის ნაწილი.
კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარსქალაქები და სოფელი,სიმღერა გულში ნათქვამი,გახდი მსოფლიოს მფლობელი.
გაქანდი, ოქროსფრთიანო,გასცდები ქვეყნის ნაპირსა,―შენ, დედაჩემის მზითევო,ფარ-ხმალო მამა-პაპისა!