პოეზია · ლირიკა
აბასთუმანი
ლადო ასათიანი 1917–1943
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი...მზემ ფანჯრებიდან შემოანათა.ჩემი საწოლი და სასთუმალი,ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალიქერათმიანი ექიმი ქალი...
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარიდა სანუკვარი სიკვდილის დღემდე...კვირაში ერთხელ თეთრი საცვალიმოხეტიალე ცხოვრების შემდეგ...
სანთლით შუაღამის აკელაპტრებადა გატეხილი სიცხის საზომი...წევხარ, ოცნებობ და გენატრება,ოდაში რომ დგას, ის ხის საწოლი.
განა ოდესმე დამავიწყდებააბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,მიიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი...მზე ფანჯრებიდან მოიპარება,ჩემი საწოლი და სასთუმალი,თავდავიწყება და ნეტარება.
1941