პოეზია · ლირიკა
ცაგერის ბაზრობა
ლადო ასათიანი 1917–1943
ყოველი მხრიდან შემოდიან ცაგერში ამ დღეს,ზოგნი ქვეითად, ზოგიერთნი კიდევ ცხენებით.ბაზრის ბოლოდან სახელგანთქმულ მურის ხიდამდეგამწკრივდებიან სვანები და ლეჩხუმელები.სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა,მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი,― ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა,ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი, ―გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებითდა უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი:― იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები!აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი!შორით მოსულებს ეშინიათ გაავდარების,ჩქარობენ, ოხრად რომ არ დარჩეთ ყველა შაური,ბაზარში დინჯად შემოდიან ჩალვადარებიაბილაურით, ყინულით და თურაშაულით.― პატარძალმაც კი ვერ მოქსოვოს ასე ლამაზად,თავს გეფიცები, ვერ იშოვნი უკეთესს, შვილო? ―იფიცებს ერთი და ვარდისფრად ანათებს ბაზარსწვრილ-წვრილ ჭიქებში საჭაშნიკოდ ჩასხმული ღვინო.ოქროსფერ სირმით მოსირმული ნაბდის ქუდებითავზე ახურავთ სვანის ქალებს, ვით სილამაზე,ყელგამოჭრილი ტახებივით წვანან გუდები,უქნარობაში აჯავრებენ ბაზრის ზარმაცებს.― ქლიავის ჩირი, ვაშლის ჩირი და ღორის შაშხი!― სიმინდიანი, ცერცვიანი თეთრი პურები!― იყიდეთ, ხალხო, რას წაიღებთ უკეთესს სახლში?!― აგერ, მწვანილი, აგერ კიტრი ნამნაპკურები!აგერ, წრე შეკრეს, შეიმართნენ და გაცხარებითმყიდველს შეებნენ ახოვანი ნაბდიანები,წრის შუაგულში თავდახრილი დგანან ხარებიდა საცრისხელა წითელ თვალებს აბრიალებენ.აგერ, დედაკაცს აუვსია წიფხა ხორბალითდა ათზე ნაკლებ გასაყიდად არ ემეტება,აგერ ვიღაცამ გამოაძრო ურემს ბორბალიდა სამჭედლოში შეიტანა შესაკეთებლად.აგერ, წონიან ხელმეორედ ერთხელ აწონილსყვითელ ხალთებით ორ ბანაკად გაყოფილები,კოლმეურნენი ― ახალ ბაზრის ბატონ-პატრონნი ―იღიმებიან ულვაშებში კმაყოფილებით.― ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა! ―კვლავ გაიძახის ლეჩხუმელი თავდავიწყებით,სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩადა სვანურ ბგერებს ღუღუნებენ, როგორც გვრიტები.ასე ყაყანებს, ასე ბორგავს მთელი ბაზარი,თითქოს სიძვირეს ემუქრება შფოთის აწევით,და მურის ციხე გადმოსცქერის, ვით ზარბაზანი,როგორ დადიან მოედანზე ქონდრის კაცები.დაბინდებამდე თავს ადგია გრძელი ფარდულიამდენ მოსავალს, ამდენ ქაქანს, ამდენ გასავალს,დაღამდება და ცხენისწყალი, როგორც ფანდური,ჩაიღიღინებს ამ ბაზრობის თავგადასავალს.
აბილაური ― ლეჩხუმური საზამთრო თეთრი ვაშლი.ყინული ― ლეჩხუმური საზამთრო წითელი ვაშლი.* წიფხა - ცაცხვის ან თელის ქერქისაგან გაკეთებული ჭურჭელი, ტკეჩით შეკერილი - ფქვილის, მარილის, ან მარცვლეულისათვის.